რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი კარა-მურზას სიცოცხლის მოსპობის მცდელობის გამოძიებას არ აპირებს

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი კარა-მურზას სიცოცხლის მოსპობის მცდელობის გამოძიებას არ აპირებს. ინფორმაციას “ამერიკის ხმა” ავრცელებს და წერს, რომ მოსკოვის სასამართლომ 21 მაისს გადაწყვიტა, რომ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი არ არის ვალდებული, გამოიძიოს ციხეში მყოფი დისიდენტის, ვლადიმირ კარა-მურზას მოწამვლით სიცოცხლის მოსპობის ორი მცდელობა.

მედია წერს, რომ ადვოკატმა საგამოძიებო კომიტეტს მოწამვლის ფაქტების გამოძიების თაობაზე მიმართა, თუმცა უარი მიიღო. გარდა ამისა, რუსი გამომძიებლები ირწმუნებიან, რომ მათ გამოიკვლიეს მკვლელობის მცდელობები და მოწმეებიც გამოკითხეს. კარა-მურზამ ამას “პირდაპირ დოკუმენტირებული ტყუილი” უწოდა. როგორც მისი მეუღლე ევგენია ამბობს, მოწომვლამ ოპოზიციონერის ჯანმრთელობა სერიოზულად დააზიანა.

შეგახსენებთ, რომ კარა-მურზა, რომელსაც როგორც რუსული, ისე – ბრიტანული პასპორტები აქვს, გასული წლის აპრილში ღალატის ბრალდებით დააპატიმრეს და 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. პოლიტიკოსმა არაერთხელ დაგმო რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში და ლობირებდა დასავლეთის სანქციებს მოსკოვის წინააღმდეგ. 42 წლის პოლიტიკოსი და ყოფილი ჟურნალისტი მოწამვლის ორ მცდელობას გადაურჩა.

მსგავსი თემები