თსუ-ში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას საია ეხმაურება

საია 18 მაისს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-2 კორპუსთან სტუდენტების წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ  ადგილზე მობილიზებულ პოლიციას არაჯეროვანი  რეაგირება ჰქონდა. საია პროკურატურას გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს.

„2024 წლის 18 მაისს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძე ლექციამდე სტუდენტები ელოდებოდნენ, რათა მშვიდობიანად გაეპროტესტებინათ რუსული კანონი. როგორც საჯაროდ გავრცელებული წყაროები მოწმობს, სტუდენტებს წინასწარ ორგანიზებული ჯგუფები დაუპირისპირდნენ, რომლებმაც მათზე სიტყვიერად და ფიზიკურად იძალადეს. ადგილზე მომხდარ დანაშაულზე მანამდე მობილიზებული პოლიციელების რეაგირება უმოქმედობაში, ან, არაჯეროვან მოქმედებაში, ადგილობრივად გაშველებაში შემოიფარგლა, ხოლო, მოძალადე პირთა მიმართ არანაირი სამართლებრივი რეაგირება არ გატარებულა.

მოვუწოდებთ საქართველოს პროკურატურას:

ადგილზე მობილიზებული პოლიციელების მიერ არაჯეროვანი რეაგირების გამო, თავად დაიწყოს გამოძიება და ეფექტიანი რეაგირება მოახდინოს სტუდენტების წინააღმდეგ დისკრიმინაციული ნიშნით განხორციელებულ დევნა / ძალადობაზე.

მოვუწოდებთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციას:

დაიცვას სტუდენტების მშვიდობიანი შეკრების უფლება, მიიღოს ზომები მათი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში რეაგირება მოახდინოს სტუდენტების უფლებების დარღვევის ფაქტებზე”, – ნათქვამია საია-ს განცხადებაში.

 

 

მსგავსი თემები