ჩინური მანქანების ბაზრობა ქუთაისში გაიხსნება

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩის – ჭოუ ციენის ინფორმაციით, დაგეგმილია ელექტრო მანქანების ჩინური ბრენდების საქართველოში შემოსვლა, რაც ჩინეთ-საქართველოს პარტნიორული თანამშრომლობის კიდევ ერთი შედეგია. როგორც ელჩმა აღნიშნა, ჩინური მანქანების ბაზრობა სავარაუდოდ, ქუთაისში გაიხსნება.

„ალტერნატიული ენერგიის ინდუსტრიაში ჩინეთის წარმატება ტექნოლოგიებში, ბაზარსა და სამრეწველო ჯაჭვებში მისი უპირატესობით არის განპირობებული. ერთი მხრივ, გლობალურ მომხმარებლებს შესაძლებლობა უჩნდებათ, ისარგებლონ ხელმისაწვდომი და ხარისხიანი პროდუქციით. მეორე მხრივ, ჩინეთს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მწვანე ტრანსფორმაციის პროცესში, რაც ქვეყნების უმრავლესობისთვის მისასალმებელია.

შემიძლია მოვიყვანო ჩინური ბრენდის BYD-ის მაგალითი, რომელმაც გასული წლის მეოთხე კვარტალში ახალ ენერგიაზე მომუშავე ავტომობილების გლობალურ გაყიდვებში ტესლას გადაასწრო. ჩინელ მომხმარებელს შეუძლია 11,000 დოლარად შეიძინოს BYD-ის კომპაქტური ელექტრო მანქანა. ამავე ფასში ხელმისაწვდომია უფრო დიდი ზომის ჰიბრიდული ავტომობილებიც. ვფიქრობ, ასეთ ფასში ასეთი მაღალი ხარისხის პროდუქტი – ნებისმიერ ქვეყანაში უაღრესად პოპულარული იქნება. მზად ვართ ხელი შევუწყოთ, რომ ელექტრომანქანების ჩინური ბრენდები ქართულ ბაზარზეც მალე შემოვიდნენ, რათა ქართველ მომხმარებლებსაც გავუზიაროთ „ჩინური სტილის მოდერნიზაციის“ მნიშვნელოვანი მიღწევები“ – აღნიშნა ჭოუ ციენმა.

ჭკვიანი, თანამედროვე, ელექტრო და უპილოტო ავტომანქანები – რაპორტაჟი ჩინეთიდან

მსგავსი თემები