„არ დაუჯეროთ არავის, გაქვთ იმის ინტელექტი, წაიკითხოთ ეს კანონი, სხვა ქვეყნებში მიღებულიც და შეადაროთ ერთმანეთს“ – კალაძე ახალგაზრდებს

„კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, არ დაუჯეროთ არავის, თქვენ გაქვთ იმის ინტელექტიც, შესაძლებლობაც, თვითონვე წაიკითხოთ აღნიშნული კანონი, ასევე, სხვა ქვეყნებში მიღებული და გააკეთოთ მარტივი შედარება“, – ამ სიტყვებით მიმართა თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე აქციების მხარდამჭერ ახალგაზრდებს.

„მინდა, მივმართო ახალგაზრდებს, რომლებიც არ განეკუთვნებიან იმ რადიკალურ დაჯგუფებებსა და რადიკალური პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდულ ორგანიზაციებს, რომლებიც დღეს აქციების ავანგარდში არიან: როგორ შეიძლება, გვინდოდეს რუსეთი, როდესაც ჩვენი ხელმძღვანელობით კონსტიტუციაში ჩაიწერა ევროინტეგრაციის გზა და ქვეყნის ევროპული მომავალი; როგორ შეიძლება მინდოდეს რუსეთი, როდესაც ჩვენი უშუალო მონაწილეობით მოეწერა ხელი ასოცირების ხელშეკრულებას; როგორ შეიძლება მინდოდეს რუსეთი, როდესაც ჩვენი უშუალო ჩართულობით მოხდა ვიზალიბერალიზაცია; როგორ შეიძლება მინდოდეს რუსეთი, როდესაც ჩვენი უშუალო ჩართულობით დაიდო თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება; როგორ შეიძლება მინდოდეს რუსეთი, როდესაც ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიეღო. ამიტომ მინდა, ვთხოვო ახალგაზრდებს: კიდევ ერთხელ დაფიქრდით, მეგობრებო“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მსგავსი თემები