,,ლაზარე არის ნაცემი, აქვს დაზიანებები თავის და სახის არეში, სხეულზეც” – ლაზარეს დედა

რუსთაველის გამზირზე 14 მაისს დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს, სახესა და თავის არეში დაზიანებები აღენიშნება. ამის შესახებ ლაზარეს დედა, თამთა კალანდაძე საუბრობს.

,,ადვოკატებმა რაც მოგვაწოდეს ინფორმაცია, არის ის, რომ ლაზარე არის ნაცემი, აქვს დაზიანებები თავის და სახის არეში, სხვადასხვა მიდამოებში. მოტეხილობა არ აქვს, ამიტომ არ გადაიყვანეს და არ დასჭირდა სამედიცინო დახმარება”, – თქვა თამთა კალანდაძემ.

ლაზარეს დედა დაკავების მომენტსაც იხსენებს და ამბობს, რომ მისი შვილი მაშინვე დააკავეს, როგორც კი ის რუსთაველის გამზირზე მივიდა. ის თვლის, რომ ლაზარეს დაჭერა წინასწარ დაგეგმილი იყო.

,,ლაზარეს დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე ვესაუბრე. იყო თავის საქმეებზე გასული, მოსაგვარებელი ჰქონდა რაღაც პატარ-პატარა პრობლემები და მივიდა თუ არა რუსთაველის გამზირზე, მაშინვე მოხდა მისი აყვანა. მაგრამ წინაპირობა იყო, წინა ორი დღე მე ვისმენდი გომელაურის განცხადებას, კობახიძის განცხადებას და პირდაპირ ამბობდნენ ლაზარეზე, რომ მას არ უშველის არც ის, რომ პრეზიდენტმა შეიწყალა, მოლოტოვის მსროლელებს დაიჭერენ და ა.შ. და მოკლედ, განახორციელეს.

მათთვის მნიშვნელობა არ აქვს უკვე კონკრეტულად, ქალია, კაცია, ბავშვია, ახალგაზრდაა თუ ვინ არის, მაგრამ ლაზარე მაინც ისეთი, გამორჩეული ტიპაჟია და მაინც ყველგან ჩანს. ლაზარე ვერ დავსვით სახლში ვერ შევაკავეთ, ლაზარე არ არის მშიშარა და მათ ეს პროტესტი არ მოსწონთ”, – ამბობს ლაზარეს დედა.

მსგავსი თემები