,,კუთხეში დაგვაყენეს, სადღაც 7 კაცს გვირტყეს”, ,,მარშუტკაში შეგვიყვანეს იქ გვცემეს” – აქციაზე დაკავებულებმა იზოლატორი დატოვეს

დღეს გამთენიისას ორი დღის წინ, პარლამენტთან მიმდინარე ანტირუსული აქციისას დაკავებული აქტივისტები გაათავისუფლეს. დროებითი მოთავსების იზოლატორი 48 საათის შემდეგ დატოვეს აქციაზე დაკავებულმა აშშ-ის მოქალაქეებმაც.

,,წინ ვიდექით, მეცა ერთი სპეცრაზმელი, გაგვატარეს კალიდორი, გვირტყეს საშინლად, მერე მარშუტკაში შეგვიყვანეს, იქ გვცემეს, ჩემთან ერთად იყო ამერიკელი, ერთი რუსი და 6 ქართველი”, – ამბობს აკაკი ნიკაჭაძე.

ლუკა გვაზავა ყვება, რომ დაეცა, რა დროსაც ,,სპეცრაზმელებმა შემათრიეს უცებ, მირტყეს, ილანძღებოდნენ, ცუდ სიტყვებს იძახდნენ, ბოლოს ჩაგვსვეს კარგად ნაცემები, ჯერ მანამდე კუთხეში დაგვაყენეს სადღაც 7 კაცი და გვირტყეს, მერე მანქანაში ჩაგვსვეს და მოგვიყვანეს ბოლოს აქ, ამათ სიბოროტეს საზღვარი არ აქვს”.

კიდევ ერთი დაკავებული, კახა კვეკვესკირი ამბობს, რომ დაკავებისას ფიზიკური დაზიანებები მანაც მიიღო. მისივე თქმით, ძირს დაგდებულ დაკავებულებს 10-15 წუთი ურტყამდნენ.

,,დაბეჟილი მაქვს მთელი ტანი, ფეხით ვერ დავდივარ, მუხლი მაქვს ძალიან ცუდ მდგომარეობაში”, – აცხადებს კვეკვესკირი.

მსგავსი თემები