,,შევახსენებ ამ ოროსნებს…აჩვენებენ, რომ ხელისუფლების უკანონოდ მოპოვების შემთხვევაში, არავის დაინდობენ”- რატი ბრეგაძე

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, რადიკალური ოპოზიციის წევრები თავიანთი ქმედებებით ადასტურებენ, რომ საკანონმდებლო საქმიანობასთან, ცივილიზებულ პოლიტიკურ კულტურასთან საერთო არაფერი აქვთ.

„პირველ რიგში, მაყურებელს და ქართველ ხალხს მინდა, ბოდიში მოვუხადო, მათ შორის რადიკალური ოპოზიციის წევრების ქმედებების გამო, რომლებიც ნათლად ადასტურებენ, რომ მათ არაფერი აქვთ საერთო საკანონმდებლო საქმიანობასთან, ცივილიზებულ პოლიტიკურ კულტურასთან. აქ ვიხილეთ ცილისწამება, მათ შორის, როდესაც ადამიანს აბრალებ, რომ არის მკვლელი. შევახსენებ ამ ოროსნებს, ადამიანის წინააღმდეგ უნდა იყოს დამდგარი კანონიერი განაჩენი სასამართლოს მიერ და მხოლოდ მაშინ შეიძლება, უწოდო ადამიანს მკვლელი ან ნებისმიერი სხვა რამ, თუმცა მსგავსი ტიპის ცილისწამებებს, რა თქმა უნდა, მიჩვეული ვართ“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

რატი ბრეგაძე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ანი წითლიძის მიერ რატი ბრეგაძის მისამართით გაკეთებულ რეპლიკას, რომ მის ქმედებებზე მისი შვილები აგებენ პასუხს.

„სამწუხაროდ, არ ჩანს და ალბათ მედია დააფიქსირებდა კონკრეტულად ოჯახსა და მცირეწლოვან ბავშვებზე საუბარს, რაც ყოვლად დაუშვებელია. სწორედ იმ მარაზმზე მეტყველებს, რასაც ეს ხალხი წარმოადგენს და კიდევ ერთხელ აჩვენებენ თავიანთ დაუნდობელ სახეს. ნათლად აჩვენებენ იმას, რომ ისინი მართლაც არავის დაინდობენ ხელისუფლების უკანონოდ მოპოვების შემთხვევაში. ეს მათი საქმეა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ამას ქართველი ხალხი ნამდვილად არ დაუშვებს“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

მსგავსი თემები