„ეს ეიფორიის მომენტში თქვა“- ესპანელი ფეხბურთელი კვარაცხელიას სიტყვებზე 

“ჩვენ საკუთარ თავზე ვფიქრობთ, ვიცით, რომ მზად ვართ საქართველოს დავამარცხოთ. თუ კარგ თამაშს ჩავატარებთ, მომდევნო ტურში გასვლის კარგი შანსი გვექნება. ამიტომ კონცენტრირებულები ვართ საკუთარ თავზე და არა მეტოქეზე”- ამბობს ესპანეთის ნაკრების მცველი, ალეხანდრო გრიმალდო. მცველმა დღევანდელ დაპირისპირებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მეტოქეს პირველივე წუთებში შეუტევენ.

„ვიცით, რომ ახლა მივიღებთ ყველაფერს ან არაფერს. აქედან გამომდინარე, ეს ზეწოლა საფასურია იმისთვის, რომ ესპანეთის ნაკრების მაისურს ვატარებთ, რადგან ყოველთვის გამარჯვებას ვცდილობთ. საამისოდ, მეტოქეს პირველი წუთებიდან უნდა შევუტიოთ და გავიმარჯვოთ, ჩავარდნის უფლება არ გაგვაჩნია“- ამბობს ესპანელი ფეხბურთელი.

რაც შეეხება, ხვიჩა კვარაცხელიას განცხადებას, იმის შესახებ, რომ საქართველოს ნაკრებს ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია, ალეხანდრო გრიმალდო ამბობს, რომ ეს კვარაცხელიამ ეიფორიის მომენტში თქვა.

„რას ვიტყვი კვარაცხელიას სიტყვებზე, რომ საქართველოს ნაკრებს ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია? ეს ეიფორიის მომენტში თქვა, რასაც ნორმალურად მივიჩნევ. ყველა ძლიერი მოთამაშის მენტალიტეტშია ამბიცია, რომ ნებისმიერი მოწინააღმდეგე დაამარცხოს. საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე 7:1 დავამარცხეთ. ამის მიუხედავად, არ მჯერა, რომ კიოლნში გასამართი მატჩიც ანალოგიურად წარიმართება. ფეხბურთში ყველაზე სწრაფად იცვლება და ვიცით, რომ ძალიან რთული შეხვედრა გველის. ამიტომ შეცდომები არ უნდა დავუშვათ. გუნდი ძალიან მოტივირებულია და დარწმუნებულია, რომ შესანიშნავ თამაშს ჩავატარებთ და მეოთხედფინალში გავალთ“- აღნიშნა მან.

 

მსგავსი თემები