გამჭვირვალობის შესახებ კანონმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს არჩევნების ლეგიტიმურობაზე – ევროპის საბჭოს რეზოლუცია საქართველოზე

66 ხმით 4 ის წინააღმდეგ – ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო, სადაც აღნიშნულია ქართული ოცნების მმართველობის პირობებში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე და ევროპული ღირებულებებიდან გადახვევაზე.

ასამბლეის წევრები მოუწოდებენ ივანიშვილის პარტიას, გაიწვიოს გამჭვირვალობის შესახებ კანონი, რომელიც არ შეესაბამება ევროპულ ღირებულებებს.

„ასამბლეა შიშობს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უარყოფითად იმოქმედებს ამ არჩევნების ჩატარებაზე და მისი შედეგის მიმართ დაინტერესებული მხარეების და საზოგადოების ნდობაზე, რამაც, შეიძლება, გავლენა მოახდინოს არჩევნების ლეგიტიმურობაზე. ეს განსაკუთრებით აქტუალურია, რადგან ამ კანონის მიღებამ, მიუხედავად მის წინააღმდეგ ფართოდ გავრცელებული წინააღმდეგობისა ქართულ საზოგადოებაში, მოახლოებული არჩევნები გარდაუვლად გადააქცია დე ფაქტო რეფერენდუმად საქართველოს დემოკრატიული ტრაექტორიისა და საგარეო კავშირის შესახებ, საგრძნობლად გაზარდა ფსონები ამ არჩევნებში და ზრდის პოლარიზაციას და დაძაბულობას წინასაარჩევნო კლიმატში“, – აღნიშნულია რეზოლუციაში.

ასამბლეა შიშობს, რომ არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღების შედეგად, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა, რომლებსაც აქვთ არჩევნებზე დაკვირვების ხანგრძლივი და დიდი გამოცდილება, ვეღარ შეძლონ არჩევნებზე დაკვირვება.

რეზოლუციაში ცალკე პუნქტადაა გამოყოფილი საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებები და ცესკოს ერთპარტიულად დაკომპლექტების წესი.

შეგახსენებთ, რომ სტრასბურგში დღეს დებატები გაიმართა საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლასა და ადამიანის უფლებების მხრივ გაუარესებულ მდგომარეობაზე.

მსგავსი თემები