ლისის ტბის მიმდებარედ, ლეო კვაჭაძის ქუჩაზე 21, 22 და 23 ივნისს მოძრაობა შეიზღუდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, დედაქალაქში, 21, 22 და 23 ივნისს ფესტივალი Tbilisi Open Air 2024 გაიმართება, ღონისძიების გამო სამივე დღეს ლისის ტბის მიმდებარედ, ლეო კვაჭაძის ქუჩაზე ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება. შეზღუდვა 10:00 საათიდან მომდევნო დღის 01:00 საათამდე იმოქმედებს, დანარჩენ პერიოდში კი ტრანსპორტი შეუფერხებლად გადაადგილდება.

,,დროის აღნიშნულ მონაკვეთში, ლეო კვაჭაძისა და ბარბარე ყიფიანის ქუჩების კვეთიდან ლისის ტბის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ცალმხრივად, მხოლოდ იოსებ კეჭაყმაძის ქუჩის მიმართულებით, კეჭაყმაძის ქუჩიდან ბესარიონ ჟღენტისა და პაატა დათუაშვილის ქუჩებისკენ მიმავალი მძღოლები კი, გადაადგილდებიან თხინვალასა და ავთო ვარაზის ქუჩების გავლით, რის შემდეგაც, მოძრაობას დადგემილი სქემით გააგრძელებენ”, – ამბობს მერია.

ამ პერიოდში შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემაც, კერძოდ:

,,N329 ავტობუსი სოფელი თხინვალადან ონკოლოგიური კვლევითი ცენტრისკენ იმოძრავებს ავთო ვარაზისა და ელგუჯა ამაშუკელის ქუჩების გავლით; N363 ავტობუსი თხინვალადან მეტროსადგურ „დელისის“ მიმართულებით ვარაზისა და ჟღენტის ქუჩების გავლით გადაადგილდება, შემდეგ კი ფერმწერთა ქუჩაზე, ტატა თვალჭრელიძის ქუჩის კვეთასთან მოუხვევს.

რაც შეეხება N107-ს, რომელიც მგზავრებს სოფელი წოდორეთიდან მეტროსადგურ „დელისისამდე“ ემსახურება, ავტობუსი შეზღუდვის პერიოდში, კეჭაყმაძის ქუჩის ნაცვლად, იმოძრავებს ვარაზისა და ჟღენტის ქუჩების გავლით”.

მსგავსი თემები