გასულ თვეს საგრძნობად გახშირდა ე.წ. ,,ქუჩის მეტადონით” ზედოზირების შემთხვევები – ,,მანდალა” მოქალაქეებს აფრთხილებს

ორგანიზაცია ,,მანდალა” მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ გასულ თვეში გახშირდა ე.წ. ,,ქუჩის მეტადონით” ზედოზირების შემთხვევები. ორგანიზაციის თქმით, უმეტეს შემთხვევაში ადამიანებმა არ იცოდნენ რას მოიხმარდნენ.

,,გასულ თვეს საგრძნობად გახშირდა ე.წ. ,,ქუჩის მეტადონით” ზედოზირების შემთხვევები, რის გამოც გვინდა მოგიწოდოთ განსაკუთრებული სიფრთხილისკენ!

უმეტეს შემთხვევაში ადამიანებმა არ იცოდნენ, რას მოიხმარდნენ: ქუჩის მეტადონი თეთრი კრისტალური ფორმისაა და ვიზუალურად ბევრ სხვა ნივთიერებას ჰგავს, რის გამოც მარტივია შეცდომაში შესვლა და მისი გაუაზრებლად მიღება.

ვიზუალური მსგავსების მიუხედავად, სინამდვილეში მეტადონი ძლიერი ოპიოიდია, რომლის არამომხმარებლის ორგანიზმში შეღწევამ მაღალი რისკია გამოიწვიოს ზედოზირებით სიკვდილი!

Რჩევები:

  • ყოველთვის თან იქონიეთ ნალოქსონი (იგივე ნარკანი) რომელსაც ოპიოიდური ზედოზირებისას თქვენი ან სხვისი სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია!
  • არ მოიხმაროთ არანაირი სუბსტანცია დატესტვის გარეშე, მიუხედავად წყაროს სანდოობისა;
  • არ მიიღოთ სუბსტაცია მარტომ, იმ შემთხვევისთვის, თუ შეუძლოდ გახდით;
  • არ დააყოვნოთ სასწრაფოს გამოძახება თუ ეჭვი გაქვთ ზედოზირებაზე

ოპიოიდებური ზედოზირების ნიშნები:

  • შენელებული ზედაპირული სუნთქვა, სუნთქვის გაჩერება
  • პულსის შესუსტება
  • თვალის ძლიერ შევიწროებული გუგები
  • ტუჩებისა და თითების გალურჯება
  • კანის სიფერმკრთალე და სიმშრალე
  • მოძრაობების შენელება
  • ცნობიერების დაბინდვა
  • არაბუნებრივად ღრმა ძილი
  • უსიცოცხლოდ მოდუნებული კიდურები
  • გულისრევა და ღებინება
  • გონების დაკარგვა” – წერს ორგანიზაცია.

მსგავსი თემები