,,კანალიზაცია არის ჩაკირული, ვერ იწმინდება, იტბორება კორპუსების სარდაფები” – ხომლელის ქუჩის მოსახლეობა

ვარკეთილში, ხომლელის ქუჩის მცხოვრებლებმა გუშინ საპროტესტო აქცია გამართეს. მიზეზი საკანალიზაციო სისტემის პრობლემაა. მოსახლეობა ამბობს, რომ ერთი ქსელით ახალა 5 კორპუსი და საბავშვო ბაღის შენობა სარგებლობს, რასაც მილი ვეღარ ატარებს, ჭიდან ამოსული წყალი კი კორპუსების სარდაფებს ტბორავს.

ხომლელის ქუჩის მცხოვრებლები ყვებიან, რომ დახმარებისთვის მერიას და კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს” 2 თვის განმავლობაში არაერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.

,,ცენტრალური კანალიზაცია არის ჩაკირული, ვერ იწმინდება, ძველი ორი კორპუსი იყო მარტო ერთ ქსელზე, დაემატა სამი ახალი კორპუსი და საბავშვო ბაღი, ვეღარ “ქაჩავს” იმ ვიწრო მილს, ვეღარ გადის ამ სადინარში. მეორე თვეა ეს პრობლემა გვაქვს, GWP-მ მოგვწერა წერილობითი პასუხი, რომ ეს პრობლემა აღმოფხვრილია, მაგრამ ფაქტია, რომ არ არის მოგვარებული. მერია ეუბნება, რომ გავაკეთებთ ცალკე ქსელს მარტო ამ კორპუსზე, მაგრამ GWP უარს ეუბნება, ვზარალდებით ჩვენ, სამეზობლო, მთელი სარდაფები არის სავსე, ეპიდემია გაჩნდება ზაფხულია ხომ?! პატარა ბავშვები გვყავს სახლებში ყველას”, – ამბობს ადგილობრივი, მედეა ქავთარაძე.

სამგორის რაიონის გამგებლის წარმომადგენელმა თქვა, რომ გამგეობა GWP-სთან მოლაპარაკებებში ჩართული იყო, მოითხოვეს კომპანიის წარმომადგენლების ადგილზე მისვლა.

,,ხორციელდება დიაგნოსტიკა, შეეცდებიან, რომ დღეის მდგომარეობით დაიწყონ დაზიანებული მონაკვეთის რეაბილიტაცია”, – ამბობს გამგებლის წარმომადგენელი.

მსგავსი თემები