,,საქართველო, შესაძლოა, ძალიან დიდხანს დარჩეს EU-ს მოსაცდელ ოთახში” – ესტონეთის ელჩი

ესტონეთის ელჩი საქართველოში რიინა კალიურანდი ამბობს, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონი დაბრკოლებაა საქართველოსთვის ევროინტეგრაციის გზაზე. მისი თქმით, ასევე, არსებობს სხვა კანონებიც, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებს და შესაძლოა საქართველო დიდხანს დარჩენს EU-ს მოსაცდელ ოთახში.

,,ევროკავშირი შეშფოთებულია ამ კანონით და მე შემიძლია მხოლოდ დავადასტურო, რომ ეს ნამდვილად არის დაბრკოლება საქართველოსთვის ევროინტეგრაციის გზაზე. რატომ არის ასე? უპირველეს ყოვლისა, ვფიქრობ, როდესაც ეს კანონი პარლამენტში გამოჩნდა ერთი წლის წინ, ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ ამ კანონს შედეგები მოჰყვებოდა, რადგან ეს კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტებს, ჩვენს ღირებულებებს და დემოკრატიულ საზოგადოებას, რადგან ის საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილის დემონიზებასა და სტიგმატიზაციას ახდენს.

სწორედ ამიტომ, ჩვენ ასევე გავაფრთხილეთ, რომ რეალურად როცა საქმე ეხება არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებას, არსებობს სხვა საშუალებები, რომლებიც შეიძლება გამოიყენონ. ერთი წლის წინ ეს კანონი უკან გაიწვიეს. სამწუხაროდ, დაპირების მიუხედავად, რომ მას უკან არ დააბრუნებდნენ, მათ ეს მაინც გააკეთეს. ჩვენი გზავნილი იყო ძალიან მკაფიო, თუ ეს კანონი მიიღება, ჩვენ ვერ გავაგრძელებთ ჩვეულ საქმიანობას საქართველოსთან, რადგან ეს არის ნაბიჯი, რომელიც შეგნებულად გადაიდგა იმ ყველაფრის წინააღმდეგ, რისი გაკეთებაც ჩვენ გირჩიეთ.

საქმე მხოლოდ ამ კანონს არ ეხება, არის სხვა კანონებიც, რომლებიც ასევე საკამათოა და ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულების სისტემას. საქართველო შესაძლოა, ძალიან დიდხანს დარჩეს ევროკავშირის მოსაცდელ ოთახში. ვფიქრობ, ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო. ჩვენ ყველა არგუმენტი მივაწოდეთ საქართველოს მთავრობას და პარლამენტს, თუნდაც მათ თქვან, რომ ლეგიტიმური არგუმენტები არ გაუგიათ. ვფიქრობ, ჩვენ ბევრი არგუმენტი მოვიყვანეთ. ჩვენ მათ ასევე მივეცით აღწერილობები იმის შესახებ, თუ როგორ ვექცევით ამ საკითხებს ჩვენ, სხვა საზოგადოებები”, – ამბობს ელჩი ,,ინტერპრესნიუსთან” ინტერვიუში.

მისივე თქმით, ,,სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლება ერთი მხრივ ამბობს, რომ უახლოვდება ევროკავშირს, მაგრამ მათი ქმედებები ამას არ ადასტურებს”.

,,თქვენ არ შეგიძლიათ ხალხს დაჰპირდეთ ისეთ რამეს, რისი დაპირებაც თქვენზე არ არის დამოკიდებული, როგორიცაა გახდეთ ევროკავშირის წევრი 2030 წლისთვის. ეს ჩვენზე, წევრ ქვეყნებზეა დამოკიდებული. ჩვენ ასევე გავიარეთ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი და ასეთი კრიტერიუმები არასოდეს დაგვიყენებია ეჭვქვეშ. ვფიქრობ, ეს არის ის, რომ შესაძლოა ესტონეთი ცოტა უფრო მგრძნობიარე იყოს ამ საკითხთან დაკავშირებით, რადგან ახლა ვიცით, რომ მოთხოვნები ასპირანტი ქვეყნების მიმართ ყოველთვის უფრო მაღალია, ვიდრე არსებული წევრების მიმართ. ჩვენი კანონმდებლობა, შესაძლოა, ბევრად უფრო ნორმატიულიც არის. მაგრამ ბოლოს და ბოლოს, ეს ჩვენთვის სასარგებლოა”, – აღნიშნა ელჩმა.

მსგავსი თემები