,,ევროკავშირის ფულით დაფინანსებული ორგანიზაციები დაკავებულები არიან მუქარით და ტერორით” – შალვა პაპუაშვილი

,,კიდევ ერთხელ მივმართავ როგორც ევროკავშირის წარმომადგენლობას, ასევე ზოგადად ევროკავშირს და ევროკომისიას, რომ შეისწავლონ ის შემთხვევები, როდესაც ევროკავშირის ბიუჯეტიდან დაფინანსებული ორგანიზაციები და მათი თანამშრომლები დაკავებულები არიან მუქარით, ტერორით, დაშინებით, ტელეფონზე რეკვით”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, თუ ევროკავშირში იწონებენ ამას და მიაჩნიათ, რომ ესეც არის გამოხატვის თავისუფლების ნაწილი, ან თუ პასუხისმგებლობას არ იღებენ ევროკავშირის ბიუჯეტიდან დახარჯულ ფულზე, ესეც გვითხრან, მაგრამ წაყრუება არის მიუღებელი.

„ამ ტერორის კამპანიას, რომელიც ახლა მიმდინარეობს ნაცმოძრაობის და ზოგიერთი ენჯეოს კოორდინირებული საქმიანობით, უნდა გაესვას ხაზი. უკვე რა ხანია, ვხედავთ მუქარას, დაშინების მცდელობას, სატელეფონო ზარებს, ოჯახის წევრებზე თავდასხმას და მუქარას, სატელეფონო ნომრების გასაჯაროებას, ტერორს ოჯახებზე, პირად სივრცეში მივარდნას და ზიზღის ენას. ამ ყველაფერს კოორდინირებულად ახორციელებენ რადიკალური ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. შემდეგ, როცა დეტალებში შევდივართ, ვხედავთ, რომ ამ ორგანიზაციების ნაწილი დაფინანსებული არის ევროკავშირის ბიუჯეტიდან. განსაკუთრებით ამ მხრივ გამოირჩევა „ევროპის დემოკრატიის ფონდი“. სადაც ჩაეძიები, ყოველ ჯერზე, სადაც ჩვენ ვხედავთ რადიკალ და პოლიტიკურად მოტივირებულ ენჯეოებს, ყველგან რატომღაც ვაგნებთ „ევროპის დემოკრატიის ფონდს“. ეს ფონდი მალავს და უარს ამბობს საკუთარი დაფინანსების გასაჯაროებაზე და შემდეგ აღმოჩნდება ხოლმე, რომ ეს ფონდი აფინანსებს პოლიტიკურ პარტიებს და რადიკალურ ჯგუფებს. მე კიდევ ერთხელ მივმართავ ევროკავშირის წარმომადგენლობას, ასევე ზოგადად ევროკავშირს და ევროკომისიას, რომ შეისწავლონ ის შემთხვევები, როდესაც ევროკავშირის ბიუჯეტიდან დაფინანსებული ორგანიზაციები და მათი თანამშრომლები დაკავებულები არიან მუქარით, ტერორით, დაშინებით, ტელეფონზე რეკვით.

შეგახსენებთ ფაქტებს: ევროკავშირის ბიუჯეტიდან დაფინანსებული jamnews-ის ჟურნალისტი ტყვიით კეფაში ემუქრებოდა უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებს; „სირცხვილიას“ წევრები ურეკავდნენ, ემუქრებოდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიტიკური თანამდებობის პირებს; grass-ის factcheck-ის თანამშრომელი მიუვარდა ერთ-ერთ პოლიტიკური თანამდებობის პირს, შეურაცხყოფას აყენებდა მას, ხულიგნობა ჩაიდინა და ა.შ. ამ შემთხვევებს დღემდე ევროკავშირის არც ერთი წარმომადგენელი არ გამოხმაურებია. არც ერთ არასამთავრობო ორგანიზაციას არ დაუგმია ეს ძალადობა, ტერორი, მუქარა, ზიზღის კამპანია, რომელიც მიმდინარეობს საქართველოში ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის და რადიკალური ოპოზიციის მხრიდან. ეს წაყრუება ამ ჯგუფების მხრიდან შეიძლება აღქმული იყოს როგორც წახალისება. ჩვენ ვხედავთ, რომ სულ უფრო იმატებს მათი მხრიდან ეს ზიზღის კამპანია, რომელიც აღრმავებს პოლარიზაციას.

წარმოიდგინეთ, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაცია ბელგიაში, ბელგიელი მოქალაქეები ურეკავდნენ ევროკომისიის მაღალი თანამდებობის პირებს, აგინებდნენ და ემუქრებოდნენ მათ. წარმოიდგინეთ, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაცია ბელგიაში რომ აქვეყნებდეს ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირების ტელეფონებს ნომრებს, მიდიოდეს მათ სახლებში, წარწერებს აკეთებდეს, ემუქრებოდეს მათი ოჯახის წევრებს, წარმოგიდგენიათ, რა რეაქცია იქნებოდა ამაზე? ამ ენჯეოს რა დაემართებოდა იქ და საქართველოს ხელისუფლების მიმართ რა რეაქცია იქნებოდა? დღეს, სამწუხაროდ, გვაქვს ასეთი სიტუაცია.

თუ იწონებენ ამას, და ესეც არის გამოხატვის თავისუფლების ნაწილი, ესეც გვითხრან. თუ პასუხისმგებლობას არ იღებენ ევროკავშირის ბიუჯეტიდან დახარჯულ ფულზე, ესეც გვითხრან, მაგრამ წაყრუება არის მიუღებელი“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

მსგავსი თემები