გაეროს უშიშროების საბჭომ მხარი დაუჭირა ისრაელსა და “ჰამასს” შორის ცეცხლის შეწყვეტის გეგმას

გაეროს უშიშროების საბჭომ დაამტკიცა თავისი პირველი რეზოლუცია, რომელიც მხარს უჭერს ცეცხლის შეწყვეტის გეგმას ისრაელსა და “ჰამასს” შორის, რომლის მიზანიც ომის დასრულებაა.

აშშ-ს მიერ შემუშავებული რეზოლუცია ასახავს სამფაზიან ცეცხლის შეწყვეტის გეგმას, რომელიც პრეზიდენტმა ბაიდენმა აღწერა, როგორც ისრაელის ინიციატივა. “ჰამასმა” განაცხადა, რომ მზადაა ითანამშრომლოს შუამავლებთან გეგმის პრინციპების განხორციელების საკითხში.

ცეცხლის შეწყვეტის სამფაზიანი გეგმა ითვალისწინებს მეტი მძევლის გათავისუფლებას და საომარი მოქმედებების დროებით შეჩერებას, რომელიც გაგრძელდება იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება მეორე ფაზაზე მოლაპარაკებას, რომელიც მიზნად ისახავს ყველა მძევლის გათავისუფლებას, “ისრაელის ჯარების სრულ გაყვანას ღაზიდან” და “საომარი მოქმედებების სამუდამოდ შეწყვეტას”. მესამე ეტაპი ღაზას რეკონსტრუქციას ითვალისწინებს.

საბჭოს 15 ქვეყნიდან ორშაბათს 14-მა მხარი დაუჭირა ინიციატივას, ხოლო რუსეთმა თავი შეიკავა.

აშშ-ის ელჩმა გაეროში ლინდა თომას-გრინფილდმა ორშაბათის კენჭისყრის წინ განაცხადა, რომ მოელიან, რომ “ჰამასი” დათანხმდება ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. მისივე განცხადებით, ეგვიპტემ და კატარმა დაარწმუნეს ვაშინგტონი, რომ ისინი მუშაობენ იმის უზრუნველსაყოფად, რომ “ჰამასი” ჩაერთოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დისკუსიებში, ხოლო შეერთებული შტატები უზრუნველყოფს ისრაელმა “ასევე შეასრულოს თავისი ვალდებულებები”.

მსგავსი თემები