პოლიციის მხრიდან კვლავ დაფიქსირდა მოქალაქეთა მიმართ განხორციელებული რამდენიმე სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტი – ომბუდსმენი

სახალხო დამცველი პარლამენტთან მიმდინარე აქციას ეხმაურება და აცხადებს, რომ ,,სამწუხაროდ, პოლიციის მხრიდან კვლავ დაფიქსირდა მოქალაქეთა მიმართ განხორციელებული რამდენიმე სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტი”.

ის კიდევ ერთხელ მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმოქმედოს კანონმდებლობის ფარგლებში, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს – მყისიერი რეაგირება მოახდინოს მოცემულ ფაქტებზე.

,,სახალხო დამცველი და აპარატის წარმომადგენლები აკვირდებიან პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებს. სამწუხაროდ, პოლიციის მხრიდან კვლავ დაფიქსირდა მოქალაქეთა მიმართ განხორციელებული რამდენიმე სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტი.

სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმოქმედოს კანონმდებლობის ფარგლებში და კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ძალის გამოყენება უნდა იყოს აუცილებელი და პროპორციული, მიზნად უნდა ისახავდეს კონკრეტული სამართლებრივი ღონისძიების გატარებას და არც ერთ შემთხვევაში არ უნდა გადაიზარდოს მოქალაქეზე მიზანმიმართულ ძალადობაზე/ანგარიშსწორებაზე.

ასევე, სახალხო დამცველი მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მყისიერი რეაგირება მოახდინოს მოცემულ ფაქტებზე; უკვე მიმდინარე გამოძიებები კი ჩაატაროს მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში, რათა არ გაჩნდეს დაუსჯელობის განცდა, რომელიც წაახალისებს ცალკეულ პოლიციელებს შემდგომი არასამართლებრივი ქმედებებისკენ”, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები