რუსეთს ეწურება საბჭოთა ეპოქის იარაღის მარაგი, რაც გავლენას მოახდენს შეტევითი მოქმედებების ინტენსივობაზე – The Economist

,,რუსეთის არმიას ტანკები და ქვეითი საბრძოლო მანქანები ეწურება და არ არსებობს რესურსები ახალი ტექნიკის ფართომასშტაბიანი წარმოებისთვის ან ძველის შეკეთებისთვის”, – ამის შესახებ ექსპერტებზე დაყრდნობით The Economist წერს.

გამოცემა წერს, რომ უკრაინასთან ფართომასშტაბიანი ომის მესამე წელს, რუსეთს საბჭოთა პერიოდის აღჭურვილობისა და იარაღის მარაგები ეწურება, ამან კი ზაფხულის ბოლოს შეიძლება გავლენა მოახდინოს რუსული ჯარების შეტევითი მოქმედებების ინტენსივობაზე.

რუსეთის თავდაცვის პოლიტიკის ექსპერტი პაველ ლუზინი და სტოკჰოლმის აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ცენტრის (SCEEUS) ანალიტიკოსი ალექსანდრე გოლტსი მიიჩნევენ, რომ ამჟამინდელი დანაკარგებით, რუსული ტანკებისა და ქვეითი საბრძოლო მანქანების მარაგი, რომელიც შესაფერისია საწყობებში აღდგენისთვის, 2025 წლის მეორე ნახევრისთვის მიაღწევს “გამოფიტვის კრიტიკულ წერტილს”.

დაზვერვის მონაცემებით, ომის პირველ ორ წელიწადში რუსეთმა დაკარგა დაახლოებით 3 000 ტანკი და 5 000 სხვა ჯავშანმანქანა. მანამდე ზარალის ანაზღაურება საბჭოთა პერიოდში დაგროვილი სამხედრო ტექნიკის მარაგით იყო შესაძლებელი. ომის პირველ წელს ფრონტზე გაშვებული ტანკების 85% იყო ძველი საბჭოთა T-72, T-62 და T-55. OSINT პროექტის Oryx-ის მიხედვით, რუსეთის არმიამ დაკარგა მინიმუმ 3 235 ტანკი (ზოგიერთი მათგანის შეკეთება და სამსახურში დაბრუნება შეიძლებოდა).

ახალი ტანკების დამზადება ან ძველის შეკეთება სულ უფრო რთული ხდება კომპონენტების მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო. საჭირო აღჭურვილობა რუსეთს ევროპიდან მიეწოდებოდა, თუმცა სანქციების გამო მიწოდება შეწყდა.

ამავდროულად, სტატიის მიხედვით, რუსეთს ჯერ კიდევ აქვს საკმარისი საარტილერიო ჭურვები ჩრდილოეთ კორეიდან მიწოდების წყალობით. თუმცა, თავად საარტილერიო ნაწილები სწრაფად ცვდება და ზოგჯერ რამდენიმე თვეში გამოუსადეგარი ხდება.

The Economist-ის მიხედვით, რუსეთს ცოცხალი ძალის პრობლემა არ აქვს. მას შეუძლია ყოველთვიურად 25 ათასი ჯარისკაცის გაწვევა, ისე რომ ფრონტზე დაახლოებით 470 ათასი ადამიანი სტაბილურად იმყოფება.

ბოლო დროს ვლადიმირ პუტინი მართლაც ახსენებს შესაძლო მოლაპარაკებების თემას. კერძოდ, 14 ივნისს მან პირველად დაასახელა მათი დაწყების პირობები. მან განაცხადა, რომ მზადაა მოლაპარაკებებისთვის, თუ უკრაინა გაიყვანს ჯარებს დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონებიდან.

მსგავსი თემები