„აგროვებენ და წვავენ მარიუპოლის მცხოვრებთა ნაწამებ ცხედრებს“ – რუსეთი კვალს მალავს

რუსეთმა უკრაინაში გაგზავნილი მობილური კრემატორიუმების გამოყენება ისევ დაიწყო. თუ ადრე კრემატორიუმებში უკრაინაში გარდაცვლილ რუს ჯარისკაცებს წვავდნენ, ახლა დახოცილ უკრაინელებს წვამენ, რომ თავიანთი სისასტიკის კვალი წაშალონ.

ინფორმაციას მარიუპოლის ქალაქის საბჭო ავრცელებს.

„მკვლელები კვალს ფარავენ. მარიუპოლში რუსეთის მობილური კრემატორიუმები ამუშავდა. ბუჩაში გენოციდის საერთაშორისო გახმაურების შემდეგ, რუსეთის ფედერაციის უმაღლესმა ხელმძღვანელობამ მარიუპოლში მათი არმიის დანაშაულის ნებისმიერი მტკიცებულების განადგურების ბრძანება გასცა. ერთი კვირის წინ, ფრთხილი შეფასებით, 5000 ადამიანი დაიღუპა. მაგრამ ქალაქის სიდიდის, კატასტროფული ნგრევის, ბლოკადის ხანგრძლივობისა და მკაცრი წინააღმდეგობის გათვალისწინებით, მარიუპოლის ათიათასობით მშვიდობიანი მოქალაქე შეიძლება გამხდარიყო დამპყრობლების მსხვერპლი. ამიტომაც რუსეთი არ ჩქარობს მწვანე შუქის ანთებას თურქეთის მისიისთვის და მარიუპოლის გადარჩენისა და სრული ევაკუაციის სხვა ინიციატივებისთვის. გარდა ამისა, ისინი ფილტრაციის ბანაკების მეშვეობით, ცდილობენ დამპყრობლების სისასტიკის ყველა პოტენციური მოწმის ამოცნობას და მათ განადგურებას“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

ამავე განცხადების მიხედვით, რუსებმა ამ საქმის შესრულება კოლაბორანტებს დაუტოვეს.

„თვითმხილველები ამბობენ, რომ „დასუფთავების სპეციალურ ბრიგადებში” ჩართეს ადგილობრივი და „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ ტერორისტები. ისინი აგროვებენ და წვავენ მარიუპოლის მცხოვრებთა ნაწამებ ცხედრებს. ამ ჯგუფების მუშაობას უშუალოდ კოორდინაციას უწევს თვითგამოცხადებული მერი-კოლაბორაციონისტი კონსტანტინე ივაშჩენკო. მრავალი წლის განმავლობაში ის და მისი თანამოაზრეები არაერთხელ ცდილობდნენ ძალაუფლების ხელში ჩაგდებას, მაგრამ საბოლოოდ მან მოახერხა მხოლოდ მარიუპოლის კრემატორიუმის დირექტორი გამხდარიყო“, – აცხადებენ ქალაქის საბჭოში.

 

მსგავსი თემები