,,საქართველოში ყივანახველას შემთხვევების მკვეთრი მატებაა” – ივანე ჩხაიძე ,,მედიაცენტრ მთავარში”

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ,,იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ ,,მედიაცენტრ მთავარში” ისაუბრა საქართველოში ყივანახველას მკვეთრ მატებაზე და იმ მიზეზებზე გაამახვილა ყურადღება, რამაც შემთხვევების მატება გამოიწვია.

,,შარშან მთელი წლის განმავლობაში 119 შემთხვევა იყო დაფიქსირებული, წელს 1 ივლისის მონაცემებით, რაოდენობა უკვე 700-ზე მეტია. 2024 წელი მართლაც გამოირჩევა ყივანახველას მკვეთრი მატებით. ეს ციფრები ასახავს მხოლოდ იმ მაჩვენებელს, რაც დადასტურებული და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ არის დაფიქსირებული. ეს კი იმას არ ნიშნავს, რომ მხოლოდ ეს შემთხვევები ფიქსირდება ქვეყანაში. სავარაუდოდ, ამ შემთხვევათა რაოდენობა კიდევ უფრო მეტია. ამიტომ წლევანდელი წელი მართლაც გამორჩეულია ყივანახველას შემთხვევის მატების თვალსაზრისით”, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ ,,მედიაცენტრ მთავართან”.

როგორც მან აღნიშნა, ყველაზე მეტი ზეგავლენა ყივანახველას შემთხვევების მატებაზე მოახდინა კორონავირუსის პანდემიამ.

,,პანდემიის მიმდინარეობისას 2-3 წლის განმავლობაში იმ შეზღუდვებმა, რაც კორონავირუსის პანდემიისას მთელ მოსახლეობას შეეხო ნიღბის ტარება, ხელის ჰიგიენა, ერთმანეთისგან დისტანცირება, თავშეყრის ადგილებისაგან თავის არიდება, ყველაფერმა ამან იმოქმედა, როგორც კორონავირუსზე, ისე ყველა ვირუსზე, რომელიც ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება. შეზღუდვების მოხსნამ განაპირობა უფრო მეტი კონტაქტი და ამას მოჰყვა შემთხვევების მკვეთრი მატება.

მეორე მიზეზი ეს გახლავთ ვაქცინაციის ფაქტორი. ყივანახველა არის ვაქცინით მართვადი დაავადება, შესაბამისად, როცა ქვეყანაში ყივანახველას ვაქცინით მოცვის მაჩვენებელი მაღალია, შემთხვევების მატებაც მინიმალურია. ვაქცინაცია აუცილებელია, ვინაიდან ყივანახველას საწინააღმდეგო ეფექტური მედიკამენტი არ არსებობს. არ არსებობს არცერთი წამალი, რომელიც ყივანახველას ხველის ინტენსივობას შეამცირებს. ერთადერთი შესაძლებლობა ეს არის ვაქცინაცია”, – აღნიშნა ივანე ჩხაიძემ ,,მედიაცენტრ მთავართან”.

მისი თქმით, ყივანახველა ძირითადად ეხება ბავშვთა ასაკს, თუმცა ყივანახველას საწინააღმდეგო იმუნიტეტი არ გახლავთ სიცოცხლის ბოლომდე იმუნიტეტი. შესაბამისად, მოზრდილებშიც და ხანშიშესულებშიც ფიქსირდება შემთხვევები.

,,ამიტომ ყველა ის ოჯახი, ვის ბავშვსაც აქვს ყივანახველა, იმ ოჯახის უფროსი წევრებისთვის, განსაკუთრებით 65 წელს გადაცილებული პირებისთვის, ყივანახველას ინფექცია წარმოადგენს სერიოზულ რისკს, ვინაიდან გადადების ალბათობა მაღალია და მოსახლეობის ამ ფენაში გართულებების ალბათობაც არის დიდი”, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ ,,მედიაცენტრ მთავართან”.

რატომ მოიმატა ყივანახველას შემთხვევებმა?! – ივანე ჩხაიძე “მედიაცენტრ მტავარში” (ვიდეო)

მსგავსი თემები