,,ეროვნულმა ნაკრებმა სხვა რელსებზე გადაიყვანა არა მარტო ქართული ფეხბურთი, არამედ მთელი საქართველო” – კალაძე

„ეროვნულმა ნაკრებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ არავისზე ნაკლები შესაძლებლობები არ გვაქვს და ტოლს არ ვუდებთ არცერთ საჩემპიონო გუნდს“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძემ საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით ასპარეზობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ამ წარმატებით ამაყია თავადაც და ყველა ქართველი გულშემატკივარი.

„არ შემიძლია, დიდი მადლიერებით და სიამაყით არ გამოვეხმაურო ჩვენი ეროვნული ნაკრების წარმატებას ევროპის ჩემპიონატზე და იმ ლამაზ, სანახაობით ფეხბურთს, რითაც ფეხბურთის უამრავი მოყვარულის გული დაიპყრო ჩვენმა დებიუტანტმა გუნდმა. იყო მოგებაც და წაგებაც, მაგრამ რაც მთავარია, ეროვნულმა ნაკრებმა აჩვენა ის შთამბეჭდავი შედეგი, რომელსაც, რამდენიმე თვის წინ, გულშემატკივართა დიდი ნაწილი არც ელოდა. ეროვნულმა ნაკრებმა, შეიძლება ითქვას, სხვა რელსებზე გადაიყვანა არა მარტო ქართული ფეხბურთი, არამედ მთელი საქართველო; გააჩინა თვითრწმენა, მოტივაცია და უფრო დიდი გამარჯვებების მოლოდინი; კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ არავისზე ნაკლები შესაძლებლობები არ გვაქვს და ტოლს არ ვუდებთ არცერთ საჩემპიონო გუნდს.

რამდენიმე დღის წინ, ვიმყოფებოდი იტალიაში, სადაც შევხვდი ჩემს ყოფილ კოლეგებს. მართლაც ამაყი ვარ იმით, თუ რა დამოკიდებულება აქვთ მათ საქართველოს, ქართული ფეხბურთის მიმართ და სასიამოვნო იყო იმ სიტყვების მოსმენა, რასაც ჩვენს ბიჭებზე საუბრობდნენ. დარწმუნებული ვარ, ყველა ქართველი გულშემატკივარი ამაყია ამ მიღწევით. მინდა, ვისარგებლო შემთხვევითდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ჩვენს ფეხბურთელს იმ შრომისა და თავდადებისთვის, რაც მინდორზე აჩვენეს. მადლობა მთავარ მწვრთნელს ვილი სანიოლს, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჩვენი ნაკრები წარმატებული ყოფილიყო. აქვე მადლობა მთლიანად სამწვრთნელო შტაბს,ტექნიკურ პერსონალს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები