ხვალ საქართველოში ლატვიის, ესტონეთის, ლიეტუვისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები ჩამოვლენ

15 მაისს საქართველოს ლატვიის, ესტონეთის, ლიეტუვისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები ეწვევიან. ინფორმაციას ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს და ამბობს, რომ ვიზიტის ფარგლებში, პრეზიდენტთან და ხელისუფლების წარმომადგენლებთან საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს განიხილავენ.

,,ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაჟე, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ეწვევა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მარგუს ცაჰკნასთან, ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრ თორდის კოლბრუნ რეიკფიორდ გილფადოტირთან და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრ გაბრიელიუს ლანდსბერგისთან ერთად.

ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთობლივ შეხვედრებს გამართავენ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, ასევე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან და და პარლამენტის ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან. დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს მთავრობის წევრებთან და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთანაც.

ვიზიტის ფარგლებში, განხილული იქნება საქართველოში მიმდინარე მოვლენები, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი “უცხოური გავლენის” შესახებ. ოფიციალური პირები ასევე აპირებენ აზრთა გაცვლას საქართველოს რეფორმების პროცესზე ევროკავშირში მისი ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით, რაც გამომდინარეობს საქართველოს, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის ვალდებულებებიდან, ასევე რუსეთის საფრთხის მიმართ მდგრადობის გაძლიერებიდან,” – ნათქვამია ინფორმაციაში.

უწყება ასევე აღნიშნავს, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს პრეზიდენტთან ერთად ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

მსგავსი თემები