,,საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებ, კანონპროექტი უკან გაიწვიოს და ჩაერთოს დიალოგში” – გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი

,,საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებ, ეს კანონპროექტი უკან გაიწვიოს, და ჩაერთოს დიალოგში, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიაორგანიზაციებთან”, – ასე ეხმაურება გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი ვოლტერ თურქი საქართველოში საპოლიციო ძალების მიერ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების მიმართ ძალადობას.

,,საქართველოს დედაქალაქ თბილისში ამ კვირაში სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან დემონსტრანტებისა და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ ძალის არასაჭირო და არაპროპორციული გამოყენების შესახებ გავრცელებული ცნობები მაშფოთებს.

ამ კვირაში ათასობით ქართველი აპროტესტებს კანონპროექტს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” და ხელისუფლებამ სრულად უნდა სცეს პატივი და დაიცვას მათი უფლება გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების შესახებ. ამ უფლებების ნებისმიერი შეზღუდვა უნდა შეესაბამებოდეს კანონიერების, აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპებს. საპროტესტო გამოსვლების დროს ძალის გამოყენება ყოველთვის უნდა იყოს გამონაკლისი და უკიდურესი ზომა, როდესაც საფრთხეა მოსალოდნელი.

მოვუწოდებ ხელისუფლებას, ჩაატაროს სწრაფი და გამჭვირვალე გამოძიება საპროტესტო აქციების დროს ან მის შემდეგ, ასევე, დაკავების პროცესში არასათანადო მოპყრობის შესახებ. ყველა, ვინც თვითნებურად დააკავეს გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლების გამოყენების გამო, დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. უნდა მოიხსნას მათ წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებებიც.

მე ასევე მოვუწოდებ მომიტინგეებს და პროტესტის ორგანიზატორებს, ისარგებლონ თავიანთი უფლებებით მშვიდობიანად და არ მიმართონ ძალადობას.

საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებ, ეს კანონპროექტი უკან გაიწვიოს, და ჩაერთოს დიალოგში, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიაორგანიზაციებთან. იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედია საშუალებების, რომლებსაც უცხოეთიდან ფინანსები შემოსდით, “უცხოურო ძალის ინტერესებით მოქმედ ორგანიზაციებად” მონათვლა სერიოზულ საფრთხეს უქმნის მათ გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას”, – წერია მის განცხადებაში.

მსგავსი თემები