ქართველი პარაპლანისტების არაპროფესიონალიზმში დადანაშაულება არასწორია – ლევან ზაუტაშვილი 

სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ლევან ზაუტაშვილი აცხადებს, რომ ქართველი პარაპლანისტები, რომლებიც გუდაურში მუშაობენ პროფესიონალები არიან და სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ენის ბარიერის გამო მათ ტურისტებთან კომუნიკაცია უჭირთ.

როგორც მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა ლევან ზაუტაშვილმა დღეს, მედიაცენტრ “მთავარის” პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა, ადგილობრივი ქართველი მფრინავები ძალიან ბევრს მუშაობენ საკუთარ თავზე, რათა სპორტის ამ სახეობაში კვალიფიციურები იყვნენ. გასულ კვირას ისინი იმყოფებოდნენ თურქეთში, სადაც გაიარეს კვალიფიკაცია, განახორციელეს სატესტო გაფრენები და უცხოელი ექსპერტებისგან საკმაოდ მაღალი შეფასებები მიიღეს. ასევე, აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა შეჯიბრებებში.

“იყო საუბარი, იმაზე რომ, თითქოს მათ არა მარტო პროფესიონალიზმის, არამედ ენის ბარიერი აქვთ, რაც ტყუილია და სიმართლეს არ შეესაბამება. მე მქონდა ამ თემაზე ქართველ მფრინავებთან საუბარი. მათ შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება აქვთ. ​მათთან ერთად მუშაობს 2 კოლუმბიელი ინსტრუქტორი, რომელსაც უკრაინელ ინსტრუქტორებზე არანაკლები გამოცდილება აქვთ. მინდა ყველამ სწორად გაიგოს, არანაირი საფუძველი იმისა, რომ ქართველებს ნაკლები გამოცდილება აქვთ ან არაპროფესიონალები არიან, სწორი არ არის”, – აცხადებს ლევან ზაუტაშვილი.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რეგიონში არ არსებობს სპორტის ამ სახეობისთვის უსაფრთხოების სტანდარტები, დღემდე არ ყოფილა მოქალაქეების დაშავების შემთხვევები, რაც ინსტრუქტორების  მაღალპროფესიონალიზმზე მეტყველებს.

მსგავსი თემები