,,ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ადგილი ჰქონდა პროვოკაციას და საზოგადოებამ შესაბამისი პასუხი გასცა – ჩოხატაურის მერი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებზე თავდასხმასთან დაკავშირებით, ჩოხატაურის მერმა კომენტარი გააკეთა და მომხდარში თავად ოპოზიციონერები დაადანაშაულა.

„ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ადგილი ჰქონდა პროვოკაციას და საზოგადოებამ შესაბამისი პასუხი გასცა. ის, რომ „ქართული ოცნების“ წევრები განზრახ დააყენეს და ჩხუბი მოაწყვეს და ასე შემდეგ, ეს სიმართლეს არ შეესაბამება.

ძალიან ბევრი ხალხი იყო და ყველამ კარგად იცის, რა როგორ მოხდა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, თან არა ჩოხატაურელები, ჩამოდიან აქ, ჩვენთან ჩოხატაურში და გვასწავლიან, რა, როგორ უნდა ვაკეთოთ. ჩვენ, ჩვენი ჩოხატაურისთვის ძალიან კარგად ვიცით, რას გავაკეთებთ, რა მოუხდება და რა იქნება უკეთესი“, – განაცხადა ჩოხატაურის მერმა დავით შარაშენიძემ.

შეგახსენებთ, რომ თავდასხმა დღეს დილით იმ დროს მოხდა, როცა ენმ-ის წევრი დავით მჟავანაძე სკვერში ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებას, ნოდარ დუმბაძის პარკის ნაწილის გასხვისების შესახებ თანამოაზრეებთან ერთად აპროტესტებდა. მჟავანაძეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესხნენ თავს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მომხდარის ორგანიზებაში ენმ ვოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარ დეპუტატს, ვასილ ჩიგოგიძეს ადანაშაულებს. თავად ჩიგოგიძე კი ყველაფერს უარყოფს.

ცოტა ხნის წინ, ჩოხატაურში ჩავიდა პარტიის თავმჯდომარე და სხვა წევრები.

პოლიციაში უკვე რამდენიმე საათია გამოკითხვაზე იმყოფება დავით მჟავანაძე. მჟავანაძემ გამომძიებლებს თავად მიაკითხა.

მსგავსი თემები