,,მინდა გარკვევით ვთქვა: არა” – ბორელის პასუხი კობახიძეს

ევროკომისარი ჯოზეფ ბორელი ირაკლი კობახიძის რიტორიკას, თითქოს გამჭვირვალობის შესახებ კანონის შემდეგ ევროინტეგრაციის შანსები იზრდება, დეზინფორმაციად აფასებს. ბორელი ამბობს, რომ ეს ტყუილია და რომ ამ კანონის პირობებში ქვეყნის ევროპული გზა ჩახერგილია.

,,საქართველოს უმაღლესი დონიდან მოვისმინეთ ხმები, რომლებიც ჩვენდა გასაკვირად აცხადებდნენ, რომ ეს კანონი ქვეყანას ევროკავშირთან აახლოებს.მინდა გარკვევით ვთქვა: არა. არა, ეს კანონი და მის ირგვლივ განვითარებული ყველა ნეგატიური მოვლენა საქართველოს ევროკავშირს აშორებს. უფრო მკაფიო, ლაკონიური ვერ ვიქნები.ეს საქართველოს ევროკავშირს აშორებს. ამ განცხადებას 27 წევრიდან 26 უჭერს მხარს.ეს არ არის ერთსულოვნება, მაგრამ ჩვენ სიტუაციის პოლიტიკური შეფასებისთვის ერთიანობა არ გვჭირდება.გვესმის, რომ ეს დინამიკა საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ნებას ეწინააღმდეგება.

მინისტრების აბსოლუტურმა უმრავლესობამ დღეს ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა ქვეყანას ევროკავშირს აშორებს და თუ მთავრობა მოქმედების კურსს არ შეცვლის, საქართველო ევროკავშირის გზაზე წინ ვერ წაიწევს.შემიძლია ეს უფრო ხმამაღლა ვთქვა, მაგრამ არა უფრო მკაფიოდ: თუ მთავრობა მოქმედების კურსს არ შეცვლის, საქართველო ევროკავშირის გზაზე წინ ვერ წაიწევს. პარალელურად ჩვენ გავზრდით სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მხარდაჭერას. დეზინფორმაციას დავუპირისპირდებით და საარჩევნო პროცესის მხარდაჭერას გავზრდით. გავავრცელებთ მოსაზრებების ამსახველ დოკუმენტს, გავაგრძელებთ სიტუაციის მონიტორინგს და საჭიროების შესაბამისად ზომებს მივიღებთ. შევამცირებთ საქართველოსთან პოლიტიკურ კონტაქტებს და კავშირებს. მთავრობისთვის ფინანსური დახმარების შეჩერებას და ევროპული სამშვიდობო ფონდიდან მხარდაჭერის გადახედვას განვიხილავთ. ეს შეიძლება დაუყოვნებლივ გაკეთდეს, მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ სიტუაციის შესწავლას და შემდგომი გაუარესების შემთხვევაში მეტი ზომების მიღებას განვიხილავთ.

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველოს მოსახლეობის გვერდში ვდგავართ და მხარს ვუჭერთ მათი აბსოლუტური უმრავლესობის არჩევანს დემოკრატიისა და ევროკავშირში საქართველოს მომავლის სასარგებლოდ”, – ამბობს ბორელი საქართველოს შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, ევროკავშირი განიხილავს საქართველოს მთავრობასთან პოლიტიკური კონტაქტების შემცირებას, მთავრობის ფინანსური დახმარების გაჩერებას, ასევე აპირებს გადახედოს ევროპული სამშვიდობო ფონდიდან საქართველოს დახმარებას.

ცნობისთვის, პრემიერი კობახიძე ამტკიცებს, რომ გამჭვირვალობის კანონის მიღებამდე ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების ,,გახსნის შანსი იყო 0, დღეს კი გაზრდილია 20-30%-მდე”.

მსგავსი თემები