,,ოჯახში უნდა სწავლობდეს ადამიანი სიყვარულს, იზრდებოდეს სიყვარულში, რაც არის ჩვენი სულის გადარჩენის უმთავრესი პირობა” – მეუფე შიო

მხოლოდ სიყვარულს შეუძლია დაყოფილი და დაპირისპირებული ადამიანების ერთად შეკრება და მათი ნების გაერთიანება. მხოლოდ სიყვარულს შეუძლია წარმოქმნას ადამიანებში თანხმობისა და ერთსულოვნების შესანიშნავი განწყობა, – ამის შესახებ მეუფე შიომ ქაშვეთის ტაძარში, ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილ ქადაგებაზე განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც არის სიყვარული, მაშინ მოქმედებს ღვთის მადლიც და ნებისმიერი უთანხმოების დაძლევა შეიძლება მშვიდობიანად.

„ჩვენ დიდი გულისტკივილით ვადევნებდით თვალყურს იმ დაპირისპირებას, დაძაბულობას, რომელსაც ადგილი ჰქონდა და რომელიც უკავშირდებოდა და უკავშირდება ჩვენი პარლამენტის მიერ „გამჭვირვალობის კანონის“ მიღებას. ამ კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორისაც არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები და მათ შორის ძალიან ბევრია ახალგაზრდობა. ამიტომ ჩვენ განსაკუთრებით გული გვტკივა ამ ყველაფრის გამო. ხშირად ვფიქრობთ როგორ უნდა დაიძლიოს ეს დაპირისპირება ჩვენს ქვეყანაში და საერთოდ, დიდი დაპირისპირება. ამაზე გვპასუხობენ ჩვენ ასევე ჩვენი ეკლესიის წმინდა მამები.

კერძოდ, ერთ-ერთი უდიდესი წმინდა მამა, ღირსი მაქსიმე აღმსარებელი ამბობს, რომ მხოლოდ სიყვარულს შეუძლია დაყოფილი და დაპირისპირებული ადამიანების ერთად შეკრება და მათი ნების გაერთიანება. მხოლოდ სიყვარულს შეუძლია წარმოქმნას ადამიანებში თანხმობისა და ერთსულოვნების შესანიშნავი განწყობა. როდესაც არის სიყვარული, მაშინ მოქმედებს ღვთის მადლიც და ნებისმიერი უთანხმოების დაძლევა შეიძლება მშვიდობიანად. როდესაც არ არის სიყვარული მაშინ, არც ღვთის შეწევნა არის და პატარა მიზეზმაც შეიძლება გამოიწვიოს დიდი მტრობა და დაპირისპირება. ამიტომ აქვს სიყვარულს გადამწყვეტი მნიშვნელობა და სიყვარულის უმთავრესი სკოლა გახლავთ ოჯახი. ოჯახში უნდა სწავლობდეს ადამიანი სიყვარულს, იზრდებოდეს სიყვარულში, რაც არის ჩვენი სულის გადარჩენის უმთავრესი პირობა. სწორედ ამიტომ ჩვენ განსაკუთრებით ვუფრთხილდებით ოჯახურ ღირებულებებს და ვიცავთ მის სიწმინდეს. სწორედ ეს არის ჩვენი შეკრებისა და ლოცვითი მსვლელობის მიზანი“, – აღნიშნა მეუფე შიომ.

მსგავსი თემები