EU-ს ელჩები რუსეთის 4 პროპაგანდისტული მედიისთვის სანქციების დაწესებაზე შეთანხმდნენ

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები რუსეთის ოთხი მედიასაშუალებისთვის სანქციების დაწესებაზე შეთანხმდნენ. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ევროკავშირის კომისარმა ფასეულობებისა და გამჭვირვალობის საკითხებში ვერა იუროვამ გაავრცელა.

მისი თქმით, სანქციები შეეხება “ევროპის ხმას,” “რია ნოვოსტის,” “იზვესტიასა” და “როსიისკაია გაზეტას”. ასევე აიკრძალა ევროკავშირში რუსეთიდან მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების დაფინანსება.

ორივე ეს ზომა წარმოადგენს რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების მე-14 პაკეტს. ევროკავშირს ასევე აქვს დაწესებული სანქციები რუსეთის სახელმწიფო არხებისთვის “რაშა თუდეისა” და “სპუტნიკისთვის”.

ევროკავშირს არ დაუკონკრეტებია, რა ზომებს გულისხმობს ეს ბოლო სანქციები, თუმცა ადრე ითქვა, რომ მედიასაშუალებები მაუწყებლობის უფლებას დაკარგავენ.

მსგავსი თემები