„ყოველი განადგურებული რუსული ავიაბაზა გადარჩენილი უკრაინელის სიცოცხლეს ნიშნავს“ – ზელენსკი

უკრაინის გენშტაბის მონაცემებით, ფრონტის ხაზზე, გასული 24 საათის განმავლობაში 78 საბრძოლო შეტაკება მოხდა. აფეთქებები იყო ჩერნიგოვის და ჟიტომირის ოლქებში. აგრესორის დრონებით თავდასხმის შედეგად ენერგოობიექტები დაზიანდა. კვლევის ამერიკული ინსტიტუტის მონაცემებით, რუსეთის ძალების ხელმძღვანელობამ ფრონტის ხაზზე საომარი სტრატეგია შეცვალა. ოკუპანტი ყველა საბრძოლო მიმართულებით წინ წაწევას ცდილობს.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის სამხედრო ძალები ყველაფერს აკეთებენ პოზიციების გასამყარებლად.

“ფრონტის ხაზზე ყველაზე რთულ მიმართულებებზე არსებულ სიტუაციას ვაანალიზებთ. ყველაზე მეტად ეს დონეცკის ოლქში, პოკროვსკის მიმართულებაა. ეს საბრძოლო მიმართულება რუსეთის იერიშების მთავარი სამიზნეა. დღეს მთავარსარდლისგან ამასთან დაკავშირებული ორი მოხსენება მოვისმინე. ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი პოზიციების გასამყარებლად“,-განაცხადა ზელენსკიმ.

როგორც მან აღნიშნა, უკრაინის ძალები ოკუპანტს დიდ დანაკარგს აყენებენ.

„მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო ამ კუთხით ჩვენი მეომრების დამსახურება, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ბაზებსა და ინფრასტრუქტურაზე დარტყმებს ახორციელებენ. ოკუპანტი უნდა გრძნობდეს, რომ ეს უკრაინის მიწაა. ყოველი განადგურებული რუსული ავიაბაზა და თვითმფრინავი, იქნება ეს ცაში თუ ხმელეთზე, გადარჩენილი უკრაინელის სიცოცხლეს ნიშნავს. მადლობა ჩვენს მეომრებს,” – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მსგავსი თემები