ამბროლაურში ცოფის შემთხვევა დაფიქსირდა-გარდაცვლილია 45 წლის ქალი

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ჩორჯოში, ცოფის შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, მოქალქე ცოფით, სავარაუდოდ მისივე ლეკვისგან დაინფიცირდა.

„45 წლის ქალი, ცოფით, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის თებერვალში, მისივე ლეკვისგან დაინფიცირდა. ამავე თვეში ლეკვი მოკვდა. ქალს ანტირაბიული დახმარებისთვის არ მიუმართავს. ცოფის კლინიკური სურათის განვითარება დაიწყო 6 ივლისს, ამ დაავადებისთვის ტიპური კლინიკური ნიშნებით. შემთხვევა კი 2024 წლის 11 ივლისს დარეგისტრირდა, რომელიც იმავე დღეს დასრულდა ლეტალური გამოსავლით. პჯრ კვლევით დიაგნოზი ლაბორატორიულად დადასტურდა. მსგავსი ფაქტი, 2022 წლის ნოემბრის შემდეგ, წელს პირველად დაფიქსირდა. მიმდინარეობს შესაბამისი რეაგირების ღონისძიებები. ცოფის ვირუსით ინფიცირების შემთხვევაში ადამიანის გადარჩენის ერთადერთი გზა დროული ვაქცინაციაა. ადამიანებში ცოფის პროფილაქტიკის მიზნით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ხდება მაღალეფექტური ბიოპრეპარატების (ვაქცინა და იმუნოგლობულინი) განაწილება მთელი ქვეყნის მასშტაბით. პროფილაქტიკა ხელმისაწვდომია ყველა მუნიციპალიტეტში“- ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები