,,სპაზმური ხველა ყივილის ხმით, როგორ ამოვიცნოთ ყივანახველა” – ივანე ჩხაიძე ,,მედიაცენტრ მთავარში”

„იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის ინფორმაციით, 1-ელი ივლისის მონაცემებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ყივანახველას 700-ზე მეტი შემთხვევაა აღრიცხული.

როგორც იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, თსსუ-ს პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ ,,მედიაცენტრ მთავარში” განმარტა, 2024 წელი ყივანახველას შემთხვევების მკვეთრი მატებით გამოირჩევა.

მისი თქმით, მთავარია, მშობლებმა ყურადღება მიაქციონ ხველის გახანგრძლივების ფაქტს, ვინაიდან, დაავადების დაწყებიდან 2 კვირამდე პერიოდში ვითარდება ტიპური რეპრიზი, ყივილის მსგავსი ხმა, რომელიც მოჰყვება რამდენიმე შეუჩერებელი ხველის ეპიზოდს.

,,ყივანახველასთვის დამახასიათებელი ტიპიური შეტევები იწყება დაავადების დაწყებიდან ორი კვირის შემდეგ. პირველი ორი კვირის განმავლობაში ყივანახველა მიმდინარეობს, ისე როგორც ჩვეულებრივი ვირუსი: ესაა იშვიათი ხველა, ცხვირიდან გამონადენი, დაბალი ტემპერატრა. ორი კვირის შემდეგ კი იწყება მისი კლასიკური სიმპტომები: შეტევითი ხასიათის სპაზმური ხველა, დამახასიათებელი ყივილის მსგავსი ხმიანობით. შეტევების რაოდენობა ყოველდღე მატულობს და შეტევა სრულდება ღებინებით.

დღეისათვის არ არსებობს ყივანახველას შეტევის შემამსუბუქებელი არცერთი ეფექტური მედიკამენტი. აზიტრომიცინი არის ერთადერთი პრეპარატი, რომელსაც შეუძლია ყივანახველას გართულებებისგან თავის დაცვა, მისი გავრცელების გარკვეული შემცირება. ამ პრეპარატს არანაირი გავლენა ხველის ინტენსივობაზე, ან ხველის ხანგრძლივობაზე არ აქვს. სწორედ ამიტომ, ვაქცინაცია დღეისათვის წარმოადგენს ერთადერთ ეფექტურ საშუალებას ამ დაავადებების პრევენციის თვალსაზრისით. სხვა არჩევანი მკურნალობის კუთხით არ გვაქვს”, – აღნიშნა ივანე ჩხაიძემ ,,მედიაცენტრ მთავართან”.

მსგავსი თემები