105 წლის ამერიკელმა სტენფორდის უნივერსიტეტში მაგისტრის წოდება მიიღო

105 წლის ამერიკელმა ვირჯინია ჰისლოპმა განათლების სფეროში მაგისტრის წოდება მიიღო. NBC ცნობით, ვირჯინიამ სტენფორდის უნივერსიტეტში სწავლა 1936 წელს დაიწყო. მან წარმატებით დაამთავრა ბაკალავრიატი და მაგისტრატურაში ჩააბარა. მაგრამ მას შემდეგ, რაც მისი საქმრო მეორე მსოფლიო ომში გაიწვიეს, ქალმა უნივერსიტეტში სიარული შეწყვიტა.

ვირჯინია განმარტავს, რომ სამაგისტრო ნაშრომი უკვე დასრულებული ჰქონდა და მხოლოდ მისი ფინალური ვერსია უნდა წარედგინა. მაგრამ ქალი გათხოვდა და თაფლობის თვის გატარება ოკლაჰომაში გადაწყვიტა, სადაც მისი მეუღლე ჯორჯი მსახურობდა.

ომის შემდეგ ვირჯინია ქმართან და ორ შვილთან ერთად ვაშინგტონის შტატში დასახლდა და სპეციალობით მუშაობდა.

ცოტა ხნის წინ ვირჯინიას სიძე სტენფორდის უნივერსიტეტს დაუკავშირდა, სადაც მას აუხსნეს, რომ ქალს მაგისტრის წოდების მისაღებად დიპლომის დაცვა არ სჭირდება. ამიტომ, ვირჯინია შესაბამის ცერემონიას დაესწრო და კუთვნილი წოდება 83-წლიანი დაგვიანებით მიიღო.

მსგავსი თემები