ჩვენი არჩევანი საზოგადოების იმ ნაწილთან დიალოგია, ვინც ხმა არ მომცა – სალომე ზურაბიშვილი 

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, არჩევნების მეორე ტურის დასრულების შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს და დიდ მადლობას უხდის ყველა ამომრჩეველს მაღალი აქტივობისთვის.

სალომე ზურაბიშვილი მადლობას უხდის ჟურნალისტებს და ამბობს, რომ მომავალში აქტიურად ითანამშრომლებს მედიასთან.ასევე, მადლობა უხდის მმართველ პარტია “ქართულ ოცნებას” მხარდაჭერისთვის.

“ვიცი, რომ ყოველთვის არ გპასუხობდით ყველა კითხვაზე, მომავალში გვექნება ძალიან კარგი თანამშრომლობა. დღეს დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ თქვენ”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე შეფასებით, დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, დღეს საქართველომ გააკეთა პრინციპული არჩევანი, რასაც დღევანელი და ხვალინდელი საქართველოსთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.

“ჩვენ ერთად ვთქვით საბოლოო და მტკიცე უარი წარსულზე, იმაზე, რაც ყველაზე მეტად შეაფერხებდა წინსვლას და თავისუფლებას. ჩვენი არჩევანია მშვიდობიანი საქართველო, თავისუფალი და თანასწორი უფლებების მქონე მოქალაქეების ქვეყანა. ჩვენი არჩევანი საზოგადოების იმ ნაწილთან დიალოგია, ვინც დღეს ხმა არ მომცა და ვინც ჩვენი თანამოაზრე არ არის დღე. მაგრამ ჩვენ ყველანი ერთი ქვეყნის მოქალაქეები ვართ. ერთ სახელმწიფოში ვცხოვრობთ და უნდა გავამთლიანოთ და დავაწყნაროთ, ამიტომ მე გპირდებით, რომ ყველაფერს ვიღონებ, რასაც შევძლებ რომ ჩვენ გავერთიანდეთ”, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

მისივე შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ 28 ნოემბრის არჩევნები მშვიდობიან გარემოში ჩატარდა და ეს უზრუნველყო ქართულმა სახელმწიფომ. არჩევნებზე მაღალი აქტივობა, ნიშნავს დემოკრატიის მაღალ ხარისხს.

“რა თქმა უნდა დაველოდებით საბოლოო შედეგებს, რომ საბოლოოდ დადასტურდეს ქართველი ხალხის პრინციპული არჩევანი. ძალიან მადლიერი ვარ ყველასი, ვინც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჩემს გვერდით იდგა: თანამებრძოლები, თანამოაზრეები, თითოეული მხარდამჭერი, საზოგადოება, რომელმაც თავისი სიტყვა თქვა. მადლობელი ვარ იმ პარტიის რომელმაც მხარი დამიჭირა. მადლიერი ვარ ჩემი ოჯახის, ჩემი შვილების, რომლებმაც კიდევ უფრო განმიმტკიცეს რწმენა იმისა, რომ არასოდეს არ უნდა დანებდე, არ უნდა შეგეშინდეს, უნდა მოითმინო, მაგრამ არ უნდა დათმო მთავარი პრინციპები. ეს მიზანი ჩემი კი არ არის, ეს არი ჩვენი ყველას ერთიანი მიზანი. ძალიან მალე მივაღწევთ თანამედროვე, განვითარებულ, გაძლიერებულ და გაღიმებულ საქართველს”, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

მსგავსი თემები