“თუ გაგვწევენ და ძალას გამოიყენებენ, გააკეთონ, ჩვენ დავდგებით“ – დეკანოზი

„ცოდვა წახალისებით გადაედება ადამიანს, როცა ერთი უყურებს მეორის უზნეობას, ისიც იგივეს აკეთებს“, – აცხადებს „მედიაცენტრ მთავართან“ დეკანოზი დავით ნოზაძე, რომელიც ლგბტ საზოგადოების მიერ დაგეგმილ კვირეულს ეწინააღმდეგება. მისი თქმით, ცოდვა გადამდებია. როგორც დეკანოზმა „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას აღნიშნა, ის იქ დადგება, სადაც საჭიროა და თუ გაწევენ, ძალით გაწიონ.

„ცოდვა, ერთი ადამიანიდან გადაედება მეორე ადამიანს. ეს ხდება არა გრიპის ვირუსივით, არაფრის შეხებით, არამედ წახალისებით. როცა ერთი უყურებს მეორეს უზნეობას, ისიც სჩადის უზნეობას. საეკლესიო კრებამ დაგმო ეს ცოდვა. ანუ ქართულმა ცნობიერებამ, მენტალიტეტმა, აზროვნებამ ამ ცოდვას უთხრა უარი. ეკლესია შეეწინააღმდეგება ამას. ისე როგორც ამას აკეთებდა ყოველთვის “- განუცხადა დეკანოზმა „მედიაცენტრ მთავარს“.

სასულიერო პირის განცხადებით, ერთადერთი, რაც ეკლესიას შეუძლია, ქადაგებაა: „ჩვენი ძალა არის ქადაგება. რაც შეუძლია ეკლესიას, ეს არის მშვიდობიანი გამოსვლა. ჩვენ, თითქოს, თავის მართლების რეჟიმში ვართ, როცა ვამბობთ, რომ მშვიდობიანად გამოვდივართ. არადა, ეკლესია მშვიდობას თავისთავად გულისხმობს. ამას თქმა არც სჭირდება. როცა ვამბობთ, რომ ეკლესია გამოვა, მოიაზრება მშვიდობიანი გამოსვლა და ფიზიკური დგომა. თუ ეს ადამიანები დააპირებენ აღლუმის ჩატარებას, ჩვენ დავდგებით. თუ გაგვწევენ და ძალას გამოიყენებენ, გააკეთონ. ჩვენ დავდგებით და ჩვენს სათქმელს ვიტყვით. ეკლესიას არ არის აგრესიული ძალა.“

შეგახსენებთ, რომ ლგბტ თემის კვირეული დღეს იწყება და 24 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.


მსგავსი თემები