C ჰეპატიტით ინფიცირებული 16 ათასი ადამიანი სამკურნალოდ არ მიდის – ვირუსის გადადების რისკი ჯანმრთელი ადამიანებისთვის

საქართველოში, C ჰეპატიტის ვირუსით ინფიცირებული 16 ათასი ადამიანი მკურნალობაზე უარს ამბობს. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო მათ უფასო მკურნალობას სთავაზობს და თითქმის ყოველ დღე ურეკავენ, მკურნალობაზე ვერ დაითანხმეს. არადა, 16 000 ინფიცირებული, ჯანმრთელი და უკვე განკურნებული ადამიანებისთვის რეალურ საფრთხეს წარმოადგენს.

“მედიაცენტრი მთავარი” აღნიშნულ რისკებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელს – პაატა იმნაძეს ესაუბრა.

პაატა იმნაძე: როცა ვსაუბრობთ, რომ ამ ადამიანებისთვის განკუთვნილ, ძვირადღირებულ პრეპარატებს ვადა გაუვიდა, უნდა ვიცოდეთ, რა რაოდენობაზეა საუბარი. ლაპარაკია 2000 დოზაზე მაშინ, როდესაც, დაახლოებით 16 ათასი ადამიანია, ვისაც დადასტურებულად აქვს C ჰეპატიტი, თუმცა, სამკურნალოდ არ მოდიან.

“მედიაცენტრი მთავარი”: ანუ, საქართველოში, დაახლოებით 16 000 ადამიანი
C ჰეპატიტის ვირუსის მატარებელია, მათ აღნიშნულის შესახებ იციან და არ მკურნალობენ?

პაატა იმნაძე: დიახ, ასეა. ამ ადამიანებმა იციან, რომ ვირუსის მატერებლები არიან. ისიც იციან, რომ სახელმწიფო მათ განკურნებას უფასოდ სთავაზობთ, თუმცა, არ მოდიან. მიუხედავად იმისა, რომ ამ ხალხს რამდენჯერმე უკავშირდებიან, თხოვენ, რომ ჩაერთონ პროგრამაში, დღემდე არ არიან პროგრამაში ჩართულები. ზაფხულიდან მოყოლებული საერთოდ უფასოა პროგრამაში ჩართვა.

ეს პრეპარატები, რომელსაც ვადა გაუვიდა, სწორედ ამ ხალხს ელოდებოდა. ეს ხალხი არ მივიდა ამის წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელიც იყო. წარმოიდგინეთ რა მოხდებოდა, ხალხი რომ მისულიყო და წამალი არ ყოფილიყო?

“მედიაცენტრი მთავარი”: ამბობთ, რომ მათ ტელეფონით ხშირად უკავშირდებით, თუმცა, მკურნალობაზე ვერ დაითანხეთ, რა არის მიზეზი, რატომ არ ერთვებიან პროგრამაში?

პაატა იმნაძე: კვლევაც ჩატარდა, რომ ურეკავდნენ, რატომ არ მიდიოდნენ და ერთ-ერთ ეტაპზე, მიზეზად დასახელდა ის, რომ კვლევებზე გარკვეული თანხა იყო საჭირო, მაგრამ ესეც მოიხსნა, კვლევაც უფასოა, თუმცა, მაინც არ მიდიან. იძულებით მკურნალობის მექანიზმი კი არ არსებობს. C ჰეპატიტი არის ისეთი დაავადება, რომელიც “ჩუმი მკვლელია”. მთელი ცხოვრება შეიძლება გქონდეს და არ შეგაწუხოს, ქართველი კაცის ხასიათი ხომ იცით? თუ არაფერი აწუხებს, რატომ უნდა წავიდეს და იმკურნალოს? ძალიან ბევრი ადამიანი არ მიდის უბრალოდ.

მედიაცენტრი მთავარი”: ეს 16 ათასი ადამიანი, არის თუ არა რისკი განკურნებული ადამიანებისთვის და საფრთხის შემცველი გავრცელების კუთხით?

პაატა იმნაძე: რა თქმა უნდა, ასეა. ელიმინაციის პროგრამა არ იყო მარტო მკურნალობა, მასში იყო სხვადასხვა მიმართულებები, მათ შორის, ინფექციის კონტროლის მიმართულება. განკურნებული ადამიანი გამავრცელებელი ვერ იქნება, ვირუსის მატარებელი კი, რა თქმა უნდა, გავრცელებისა და გადადების მრრივ, პრობლემას ქმნის.

“მედიაცენტრი მთავარი”: გარკვეული ოდენობის პრეპარატებზე ვადის გასვლა ნიშნავს თუ არა იმას, რომ ძვირადღირებული პროგრამის გაგრძელება შეფერხდება?

პაატა იმნაძე: პროგრამას საფრთხე არ ემუქრება. მადლობა კომპანია “გილიარდს”, რომელიც უფასოდ გვაწვდიდა პრეპარატებს. ამასთან დაკავშირებით ამ კომპანიასაც არ შექმნია პრობლემა, მითუმეტეს, მას არ აწუხებს ის, რომ პრეპარატებს ვადა გაუვიდა.

ცნობისთვის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის თანახმად, საქართველოს მიერ C ჰეპატიტის მართვის პროგრამის ფარგლებში მიღებულ ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების მედიკამენტს ვადა გაუვიდა. როგორც ჯანდაცვის სამინისტროს ფინანსური აუდიტის ანგარიშიდან ირკვევა, სოციალური მომსახურების სააგენტოს სხვა დანარჩენი მატერიალური მარაგების ანგარიშზე, 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით აღრიცხული აქვს C ჰეპატიტის მართვის პროგრამის ფარგლებში 560,645,083 ლარის ვადაგასული მედიკამენტი.

დღეს, საქართველოში 2,8 მილიონი მოზრდილი ადამიანიდან, უკვე სკრინირებულია, დაახლოებით 1 750 000, ანუ 60%-ზე მეტი. მკურნალობაში ჩართულია 65 ათასი ადამიანი, 58 ათასმა ადამიანმა დაასრულა მკურნალობა – 98,7%-იანი განკურნების ეფექტით.

მსგავსი თემები