,,იმისთვის აგვირჩია მოსახლეობამ, რომ ვაკეთოთ ისეთი საქმე, რომელიც ქვეყანას თავსმოხვეულ გადაწყვეტილებებს და პრობლემებს აარიდებს” – კახა კალაძე

„მოსახლეობამ იმისთვის აგვირჩია, რომ ვაკეთოთ ისეთი საქმე, რომელიც ქვეყანას თავსმოხვეულ გადაწყვეტილებებს და პრობლემებს აარიდებს“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

დედაქალაქის მერმა გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაცია Responsible Statecraft-ის მიერ გამოქვეყნებული სტატია შეაფასა, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს სუვერენიტეტისადმი პრეზიდენტ ჯო ბაიდენის დამოკიდებულება არაგულწრფელია.

„ხალხი ყველაფერს ხედავს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ. ყველაფერი ცხადი და ნათელია. როგორ შეიძლება გამჭვირვალობა იყოს ცუდი ან პრობლემური? აქ გამჭვირვალობის შესახებ კანონი კი არ არის მთავარი სამიზნე გარედან – პრობლემა არის ორი რამ: ერთი, რომ სანქციებს არ შევუერთდით და ავხსენით, რატომაც არა.

სულელები ხომ არ ვართ?! გლეხი რომ ხარ და წვალობ, შენ ხომ არ დაგაზიანებთ?! ქვეყნის ეკონომიკას, საკუთარ თავს ხომ არ დავიზიანებთ?! ჩვენ ხელისუფლებაში რატომ ვართ? ხალხმა რატომ აგვირჩია? – იმისთვის, რომ გავატაროთ სწორი პოლიტიკა და ვაკეთოთ ისეთი საქმე, რომელიც ქვეყანას ზუსტად ისეთ ბოროტებას, თავსმოხვეულ გადაწყვეტილებებს და პრობლემებს აარიდებს, რაც ომთან არის დაკავშირებული; იმიტომაც ვართ ხელისუფლებაში, რომ ეს ყველაფერი ავირიდოთ და ქვეყანა სამშვიდობოს გავიყვანოთ; საქართველოს ინტერესები კი არ გამოვაყენებინოთ სხვას – პირიქით, შევინარჩუნოთ მშვიდობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე შეფასებით, ქვეყნის მოსახლეობა კარგად ხედავს, თუ რა პროცესები მიმდინარეობს საქართველოში და ვის მიერ იმართება ეს ყველაფერი.

„მეორე პრობლემაა ის, რომ ქვეყანაში მეორე ფრონტი არ გაიხსნა. ეს არის დღევანდელი მოცემულობა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა აზროვნებს სწორად, ხედავს, თუ როგორ მიდის პროცესები, ვინ მართავს და რა დგას ამ ყველაფრის უკან, რა უნდათ საქართველოსთან მიმართებაში. რომ გამოდიან და ამბობენ, დემოკრატიის თვალსაზრისით ნაბიჯები უკან გადაიდგაო, რა ნაბიჯები გადადგა უკან საქართველომ, შეიძლება ვინმემ ერთი მაგალითი მაინც დაასახელოს?! წარმოუდგენელია ეს დამოკიდებულება და მიიღებენ შესაბამის პასუხს 26 ოქტომბერს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები