“კოალიციური უნდა იყოს თუ არა მთავრობა, ეს არც ქალბატონი პრეზიდენტის გადასაწყვეტია, არც ჩემი” – კახა კალაძე

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, კოალიციური იქნება თუ არა მთავრობა, ამას არც სალომე ზურაბიშვილი წყვეტს და არც კახა კალაძე.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა, მთავრობის ფორმირების საკითხზე გადაწყვეტილებას ქართველი ხალხი 2024 წელს მიიღებს.

„ეს არც ქალბატონი პრეზიდენტის გადასაწყვეტია, არც ჩემი გადასაწყვეტი. ამას წყვეტს ხალხი – ვინ უნდა იყოს ხელისუფლებაში, როგორ უნდა იყოს წარმოდგენილი, კოალიციური უნდა იყოს თუ არა მთავრობა. 2024 წელს ამას გადაწყვეტს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა და არა კახა კალაძე, არა სალომე ზურაბიშვილი“, – განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ფრანგული გამომცემლობა „კვირის ჟურნალისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ კოალიციური მთავრობა აუცილებელია. როგორც ზურაბიშვილი აღნიშნავს, რთულია იმის დანახვა, თუ როგორ შეძლებს კოალიციური მთავრობა ფუნქციონირებას, როდესაც პოზიციები ამდენად ანტაგონისტურია.

„პოლარიზაციის გადალახვა ძალიან რთულია. 9 წლის განმავლობაში სახელისუფლებო უმრავლესობის მიერ დაკომპლექტებული მთავრობის შემდეგ, ნათელია, რომ კოალიციური მთავრობა აუცილებელია. თუმცა, რთულია იმის დანახვა, თუ როგორ შეძლებს ფუნქციონირებას, როდესაც პოზიციები ამდენად ანტაგონისტურია“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მსგავსი თემები