​პროფესიები, რომლებზეც საქართველოში მაღალია მოთხოვნა

  •  

​დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი ელგუჯა მელაძე აცხადებს, რომ საქართველოს შრომის ბაზარზე კვალიფიციური კადრების მწვავე დეფიციტია. კერძოდ, არ არსებობენ კვალიფიციური აგრონომები, ტრაქტორისტები, მექანიზატორები, თანამედროვე ტექნოლოგიების სპეციალისტები, მემონტაჟეები, მაღალტექნოლოგიური სისტემების მომსახურე პერსონალი, დიდი მოთხოვნაა ამწე-მემანქანეებზე, სამშენებლო ტექნიკის მექანიკოსებზე, შრომის უსაფრთხოების, სურსათის უვნებლობისა და დარგის სპეციალისტებზე.

​როგორცმედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს ელგუჯა მელაძემ განაცხადა, სერიოზული პრობლემაა სურსათის გადამუშავების სფეროში შესაბამისი კადრების დეფიციტი, რაზეც მაღალია მოთხოვნა, როგორც ადგილობრივი ისე უცხოელი ინვესტორების მხრიდან.

“ცნობილია, რომ საქართველოში ტრადიციულად გვყავს კარგი მშენებლები, მაგრამ ამ სფეროში დღეს, უამრავი ახალი ტექნოლოგია ინერგება, განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ენერგოეფექტურ და უსაფრთხო მშენებლობაზე. საქართველოს სამშენებლო სფეროში მაღალი სტანდარტები ევროკავშირის მოთხოვნებიდან გამომდინარე დაინერგა, თუმცა, ინჟინრების დეფიციტი საკმაოდ სერიოზული პრობლემაა. დამსაქმებელთა ასოციაციაში ძალიან დიდი მოთხოვნა გვაქვს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტზე, რისი დაკმაყოფილების რესურსიც არ გაგვაჩნია”, – აცხადებს ელგუჯა მელაძე.

მისივე თქმით, ბაზრის მოთხოვნის შესაბამისად, არაერთმა უმაღლესმა სასწავლებელმა დაიწყო კადრების მომზადება, თუმცა, ეს მოკლე ვადებში ვერ აისახება შედეგზე. საქართველოს პროფესიული განათლების სფეროში დაგეგმილი რეფორმები, სწორედ ევროპულ გამოცდილებას ეფუძნება, მათ შორის აქტუალურია დუალური სწავლება, ანუ საწარმოს მოთხოვნებზე დაფუძნებული სწავლება.

“სამწუხაროდ ცოტა დიდი დროს დასჭირდა ქვეყანას ახალ მოთხოვნებზე გადასასვლელად, მაგრამ ეს არის ის, რაც მიზნობრივს გახდის ყველა პროფესიულ განათლებას, რომ ისინი ქვეყანაში არსებული ყველა სამუშაო ადგილების ადეკვატურნი იყვნენ. აუცილებელია დაგეგმარება, თუ რა პროფესიებზე იქნება მოთხოვნა მომავალში, რომ განათლების სექტორმა შესაბამისად უპასუხოს ამ გამოწვევას”, – აცხადებს ელგუჯა მელაძე.

მისივე ინფორმაციით, ​დამსაქმებელთა ასოციაციის წარმომადგენლები პერიოდულად ხვდებიან მთავრობის წევრებს და აცნობენ საკუთარ ხედვას. პროფესიული სწავლების საკითხზე საუბარი შედგა ეკონომიკის მინისტრთან და ითქვა, რომ განათლება და მათ შორის, პროფესიული განათლება არის ბიზნესი და მასაც ესაჭიროება ხელშეწყობა.

მსგავსი თემები