ერგნეთში შეხვედრა დასრულდა, ერთ-ერთი საკითხი უკანონო დაკავება იყო

ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 102-ე შეხვედრა უკვე დასრულდა. როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, ქართულმა მხარემ არაერთი საკითხი დააყენა, მათ შორის, ადგილობრივი მოსახლეობის უკანონო დაკავება.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა ირაკლი ანთაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, ერთ-ერთი მწვავედ დასმული საკითხი სწორედ  ჩვენი თანამოქალაქეების უკანონო დაკავებასა და ე.წ. საზღვრის გავლების პროცესი იყო.

„პრინციპულად დაფიქსირდა პოზიცია. ოკუპაციის ამ თანმდევი მოვლენის შედეგად, უამრავი ოჯახი დარჩა სახნავ-სათესი მიწის გარეშე. სოფლებმა დაკარგეს სავარგულები და საფრთხე შეექმნა მათ ეკონომიკურ კეთილდღეობას. ასევე, დაისვა უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების საკითხი, გენადი ბესტაევისა და გელა გოჭოშვილის საკითხი. მოვითხოვეთ დამატებითი ინფორმაცია მისი ადგილსამყოფელის და სტატუსის შესახებ. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მას ედავებიან ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას“ – განაცხადა ანთაძემ.

მისივე შეფასებით, უკანონოდ დაკავებული გენადი ბესტაევი „წინასწარ პატიმრობაში“ იმყოფებოდა 14 თვეზე მეტხანს, რაც ცდება ყოველგვარ ლოგიკას.

„უკანონოდ დაკავებული თანამოქალაქეების გათავისუფლების საკითხზე გაგრძელდება კონსულტაციები „ცხელი ხაზის“ მეშვეობით“ – დასძინა მან.

მსგავსი თემები