დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი ელგუჯა მელაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში სამუშაო ადგილები არსებობს, მაგრამ შრომის ბაზარზე არ არის კვალიფიციური კადრები. ქვეყნის მოსახლეობაში არსებული პროფესიული განათლების ხარისხი ვერ პასუხობს ბაზრის მოთხოვნებს, რაც იწვევს დისბალანსს მოთხოვნასა და მიწოდებას შორის.
როგორც ელგუჯა მელაძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს განაცხადა, პროფესიული განათლება ევროპის ქვეყნებში საკმაოდ განვითარებული სფეროა. საჭიროა შრომის ბაზრის მოთხოვნების იდენტიფიცირება, შესწავლა, რეგულირება, რაც შემდგომ უნდა აისახოს სახელმწიფო პოლიტიკაზე. ამ პროცესში მნიშვნელოვანია განათლების სისტემის როლი.
მისივე ინფორმაციით, საქართველო ძირითადად აგროწარმოების ქვეყანაა. ბოლო წლებში რეგიონებში შეიქმნა საწარმოები, როგორც პირველადი პროდუქტების მოყვანიდან, ასევე, სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამუშავების მიმართულებით, მაგრამ ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა აგრონომების, ტრაქტორისტების, მექანიზატორების და თანამედროვე ტექნოლოგიების მცოდნე სპეციალისტების არსებობა ქვეყანაში.
“ისე არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ პროფესიული განათლების პრობლემას თუ მოვაგვარებთ, მაშინვე მოიხსნება უმუშევრობის პრობლემა. უმუშევრობა ყველა საზოგადოებისთვის დამახასიათებელია. მთავარია ის იყოს შესწავლილი, იდენტიფიცირებული, რეგულირებადი და აისახოს სახელმწიფო პოლიტიკაზე. დასაქმების პრობლემის მოგვარება სისტემურ მიდგომას საჭიროებს. შრომის ბაზარი არის ძალიან მგრძნობიარე ყველა იმ პროცესის მიმართ, რაც ქვეყანაში მიმდინარეობს. იმავდროულად არის წინა წლების პროცესების, გაკეთებული ან გასაკეთებელი ქმედებების შედეგი, რაც აისახება შრომის ბაზარზე. დღეს საქართველოში არის განსხვავებული მიდგომა. ერთი მხრივ გვყავს სამუშაოს მაძიებლები, – არსებობს რეგიონები, სადაც მცირეა სამუშაო ადგილები, ან საერთოდ მინიმუმამდეა, მეორე მხრივ იმ ვაკანსიებზე რაც ცხადდება, ვერ ხერხდება ადამიანების დასაქმება. ჩვენ ვიცით დამსაქმებლების, ბიზნესმენების პოზიცია, რომლებიც ინტენსიურად ეძებენ კვალიფიციურ კადრებს”, – აცხადებს ელგუჯა მელაძე.
მისივე თქმით, “აწარმოე საქართველოში” და სხვა მსგავსი სახელმწიფო პროგრამების წყალობით იქმნება მცირე საწარმოები, მეწარმეებს აქვთ ვალდებულება სახელმწიფოს მიმართ, რომ მათ უნდა დაასაქმონ გარკვეული რაოდენობის ადამიანები, მაგრამ დასაქმების ასოციაცია ვერ აწვდის მათ საჭირო კადრებს.