“ნდობისა და ძმობის აღდგენით შევძლებთ, გავაერთიანოთ ქვეყანა” – პარლამენტის თავმჯდომარე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულებს გმირთა მემორიალთან პატივი მიაგო.

კუჭავას განცხადებით, ნდობისა და ძმობის აღდგენით შევძლებთ, გავაერთიანოთ ქვეყანა.

“1993 წლის 27 სექტემბერი ძალიან ტრაგიკული დღეა ჩვენი დამოუკიდებლობის ისტორიაში, რომელიც აუცილებელია, სწორედ იყოს მიწოდებული, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობებისთვის. პირველ რიგში, რასაც ვგულისხმობ, ეს არის ნდობისა და ძმობის აღდგენა, რომლითაც ჩვენ შევძლებთ, გავაერთიანოთ ჩვენი ქვეყანა, ის სამშვიდობო პოლიტიკა, რომელსაც ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. დარწმუნებული ვარ, მალე გამოიღებს შედეგს და ქვეყანას გავაერთიანებთ,” – განაცხადა კახა კუჭავამ. 

სოხუმის დაცემიდან 28 წელი გავიდა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. კონფლიქტი ქართულ სამთავრობო ჯარებსა და აფხაზ სეპარატისტთა ძალებს შორის 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა.

სამხედრო დაპირისპირებას 10 000-ზე მეტი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. 300 000 დევნილი კი უსახლკაროდ დარჩა.

მსგავსი თემები