ციხეებში ხანგრძლივ პაემნებზე შეზღუდვა დღეიდან იხსნება

დღეიდან პენიტენციურ დაწესებულებებში ხანგრძლივ პაემნებზე შეზღუდვა იხსნება. სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცნობით, ხანგრძლივ პაემანზე დაიშვებიან ის ვიზიტორები, რომლებიც ორჯერადად არიან ვაქცინირებულები და წარმოადგენენ ცნობას ამის შესახებ.

ვიზიტორებმა, რომლებიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვაქცინაციას ვერ იტარებენ, უნდა წარმოადგინონ შესაბამისი სამედიცინო ცნობა, სადაც ექიმის მიერ მითითებული იქნება, რომ იმუნიზაცია მათთვის უკუჩვენებას წარმოადგენს. ასევე, ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტის შედეგები.

ასევე დაიშვებია ისინი, რომელთაც გადატანილი აქვთ COVID-19 და არიან ერთჯერადად ვაქცინირებულები, – მათ უნდა წარმოადგინონ იმუნიზაციისა და ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტის შედეგები.

უწყების ცნობით, 16 წლამდე ასაკის მოზარდები პაემანზე ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტის შედეგებით დაიშვებიან.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ ხანგრძლივი პაემნების გახსნის გადაწყვეტილება სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით მიიღო. 

მსგავსი თემები