„ეს ხეპრე ადამიანი ძალადობაზე საუბრობს” – გია ვოლსკი მელიაზე

„ეს ხეპრე ადამიანი ძალადობაზე საუბრობს – დმანისის სამწუხარო ფაქტი ისე შეიცხადეს, თითქოს, უფრთო ანგელოზები არიან“ – ნიკა მელიასა და ირაკლი კობახიძეს შორის მომხდარ დაპირისპირებას პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ეხმაურება.

მისივე თქმით,  “ნაციონალურ მოძრაობას” სადისტური მეთოდებით მართვის გარდა, არაფერი უკეთებია და მათი მმართველობის პერიოდში მომხდარ ძალადობის ფაქტებს ახსენებს.

“ძალადობაზე ლაპარაკობს ნიკა მელია! ძალადობით ათასობით ადამიანს სიცოცხლე მოუსპეს. წარმოუდგენელია, შუბლზე ასეთი ძარღვგაწყვეტილობა! ნიკანორ მელიამ კიდევ ერთი პერფორმანსი ჩაატარა, რომელიც იმაზე ლაპარაკობს, რომ თურმე, მისთვის ძალადობა მიუღებელია. ასეთ განცხადებებს ეს ხეპრე ადამიანი აკეთებს. ძალადობა მიუღებელია ჩვენთვის და დმანისის ინციდენტის შესაძლო დამნაშავე დავაკავეთ. მათ ვინ დაუკავებიათ ისეთი დანაშაულისთვის, როგორიც არის ადამიანის წამება?! რა უქნეს კობა დავითაშვილს, ვალერი გელაშვილს?!ეს ადამიანები ცემით სიკვდილამდე მიიყვანეს”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცოტა ხნის წინ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება ევროკავშირის ოფისთან მათ  ერთმანეთს შეურაცხმყოფელი რეპლიკებითაც მიმართეს.

როდესაც ირაკლი კობახიძე მედიასთან კომენტარს აკეთებდა, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში შეხვედრაზე მისულმა ნიკა მელიამ და ირაკლი კობახიძე დმანისში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გაკეთებული კომენტარების გამო გააკრიტიკა, რასაც მოჰყვა ხმაური და დაპირისპირება.

მსგავსი თემები