„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების დაჭრის ფაქტზე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის შვილი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დმანისის მუნიციპალიტეტში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების დაჭრის ფაქტზე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის მიხეილ დაუთაშვილის შვილი დავით დაუთაშვილი დააკავა. როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, ბრალდებულმა წინასაარჩევნო შეხვედრაზე მომხდარი სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებისას, დანის გამოყენებით სახის არეში დაზიანებები მიაყენა პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დმანისში 1 პირი – 1993 წელს დაბადებული დ.დ. დააკავეს.

დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დ.დ.-მ მიმდინარე წლის 21 სექტემბერს, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში, წინასაარჩევნო შეხვედრაზე მომხდარი სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებისას, დანის გამოყენებით სახის არეში დაზიანებები მიაყენა პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებს: 1976 წელს დაბადებულ მ.ო.-ს და 1983 წელს დაბადებულ შ.ს.-ს. დაშავებული მამაკაცები საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მათ შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა უტარდებათ.

პოლიციამ ბრალდებული ცხელ კვალზე, მომხდარიდან რამდენიმე საათში, დმანისის მუნიციპალიტეტში დააკავა.

სოფელ განთიადში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების დროს, სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს ჩხუბში მონაწილე სხვა პირებმაც.

ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები ინციდენტში მონაწილე ყველა პირის დადგენისა და შესაბამისი სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით.

ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით და და 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს”, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი თემები