“არავის დაუბრალებია, რომ გახარია ნარკომანია, მე პირველ რიგში, ვარ კაცი და მერე პოლიტიკოსი” – კალაძე გახარიას

არავის უთქვამს, რომ გიორგი გახარია ნარკომანია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში, გადაცემაში „დებატები 2021“ განაცხადა.

დებატებისას გიორგი გახარიამ კახა კალაძეს მიმართა კითხვით, იზიარებს თუ არა კახა კალაძე თანაგუნდელების ბრალდებებს გახარიას მიმართ.

„დიდი ხანია, ერთმანეთს ვიცნობთ. შენი თანაგუნდელებისა და ჩემი ყოფილი თანაგუნდელების ბრალდებები – ნარკომანობა, მოღალატეობა და სააკაშვილთან კავშირები, კონკრეტულად შენ, კახა კალაძე, იზიარებ თუ არა ამ ბრალდებებს“, – მიმართა გახარიამ კალაძეს.

როგორც კალაძემ კითხვის პასუხად აღნიშნა, გიორგი გახარიასთვის ნარკომანობა არავის დაუბრალებია და არავის უთქვამს, რომ გიორგი გახარია ნარკომანია.

„ნარკომანობასთან დაკავშირებით, მე მგონი, არავის დაუბრალებია და არავის უთქვამს, რომ გიორგი გახარია ნარკომანია. რაც შეეხება, გიორგი შენს საქციელს, მე ეს პირდაპირ ეთერშიც ვთქვი, შენც გითხარი და არ დავმალავ – მე არ მომეწონა შენი გადაწყვეტილება, რომელიც თებერვალში მიიღე. მე არ შევალ შინაარსში და არ მინდა, ამაზე ვისაუბრო. ყოველთვის მაქსიმალურად ვცდილობ, ვიყო თავშეკავებული, როდესაც კითხვა ისმება გიორგი გახარიასთან დაკავშირებით. მე პირველ რიგში ვარ კაცი და მერე ვარ პოლიტიკოსი. შესაბამისად, ადამიანებთან ურთიერთობას გარკვეულ როლს და უპირატესობას ვანიჭებ, ამიტომ არ მინდა ამ დისკუსიაში შემოსვლა. თბილისმა და თბილისელებმა გადაწყვიტონ ყველაფერი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები