“რიგგარეშე სხდომასა და საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით საუბარი არის სპეკულაცია” – ირაკლი კობახიძე

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, რიგგარეშე სხდომის მოწვევის საკითხზე საუბარი მარტივი სპეკულაციაა.

კობახიძის განმარტებით, ყველამ იცის, რომ არჩევნებამდე ერთი თვის განმავლობაში არ ტარდება პლენარული სხდომები, ამასთან ერთად, ყველა დეპუტატი მთლიანად გადართულია საარჩევნო პროცესზე.

„ასეთ დროს შეუძლებელია სხდომის გამართვა. როცა ეს იცი და მაინც გამოდიხარ ასეთი ინიციატივით, თავისთავად არის სპეკულაცია“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ამავდროულად, კობახიძის თქმით, სპეკულაციაა გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით საუბარი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე.

„ვფიქრობ, რომ საუბრები ამ თემაზე საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით ასევე არის სპეკულაცია. ზოგადად,  ეს არის სენსიტიური საკითხი. საქმე ეხება სენსიტიურ უწყებას, სფეროს და როდესაც სპეკულაციებით შედიხარ ასეთ სფეროში, მგონი, ეს არ არის ჯანსაღი, თუნდაც პოლიტიკური სვლა“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძე განმარტავს, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნა მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

„არ მგონია, რომ ეს იყოს მიზანშეწონილი კონკრეტული მიზეზების გამო, მათ შორის იმის გამო, რომ სფერო არის სენსიტიური. მეორე იმის გამო, რომ მიუხედავად მცდელობებისა, ვერც ერთი საინტერესო ინფორმაცია ვერავინ დადო. აბსოლუტურად უინტერესოა ის, რასაც ჩვენ ყოველდღე ვხედავთ. თავის დროზე კონკრეტული პირები, საუბარია სუს-ის უფროსის მოადგილეებზე, რომლებიც გადავიდნენ ოპოზიციაში, ბუნებრივია, ფლობდნენ გარკვეულ ინფორმაციას სხვადასხვა სფეროში, სხვადასხვა მიმართულებით. ბუნებრივია, ისინი ფლობდნენ ამ ინფორმაციას, და რა თქმა უნდა, კანონიერი გზებით შეიძლება უამრავი ინფორმაციის მიღება და შეგროვება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება კითხვას, „თქვენც ხართ ნახსენები ფაილებში, დაგიბარეს თუ არა დაკითხვაზე, რათა ავთენტურობა დადგინდეს?“, – კობახიძის თქმით, საჭიროების შემთხვევაში სამართალდამცავ ორგანოებთან თავიდან ბოლომდე ითანამშრომლებს.

„ჩემს ნაწილშიც იმდენად ღიმილისმომგვრელია ის ინფორმაცია, რომელიც იქ გავრცელდა, ოთხი ინფორმაცია იყო მთლიანობაში და აბსოლუტურად წარმოუდგენელი. ასევე, დააკვირდით იმას, რომ ეგრეთ წოდებული საუბრის არც ერთი ფიგურანტი არ არის არც „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელი და არც გახარია თავისი წარმომადგენლებით. აქაც ბევრი ნიშანდობლივი რამ შეიძლება, ამოვიკითხოთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები