„ნაცმოძრაობის თავმჯდომარის განცხადება უპასუხისმგებლობა და შეცდომაა“ – ხათუნა სამნიძე

ოპოზიციონერი დეპუტატი, ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ წარმომადგენელი ხათუნა სამნიძე ნიკა მელიას განცხადებას უპასუხისმგებლოს უწოდებს და ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით პარლამენტში სუსის უფროსის მოწვევის აუცილებლობაზე საუბრობს.

საკანონმდებლო ორგანოში საგანგებო სესიის მოწვევის წინააღმდეგია „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“, თუმცა ოპოზიციის ნაწილი, მათ შორის „ლელო“ და „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ დეპუტატებს მოუწოდებს მხარი დაუჭირონ გრიგოლ ლილუაშვილის პარლამენტში დაბარების საკითხს.

„მე პირადად წინააღმდეგი ვარ 2 ოქტომბრამდე ამ თავყრილობაში მონაწილეობა მივიღო. „ნაციონალური მოძრაობის“ არცერთ დეპუტატს არ სცალია ბიძინა ივანიშვილის თავყრილობაში მიიღოს მონაწილეობა, რადგან უმრავლესობა მათგანი არის კანდიდატი და ველზე გასული“, – აცხადებს ნიკა მელია, რასაც ხათუნა სამნიძის კრიტიკა მოჰყვა.

„ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის განცხადება არის უპასუხისმგებლობა და შეცდომა, რადგან ერთ-ერთი მთავარი ბერკეტი, რაც გვაქვს ჩვენ რომ გავაკონტროლოთ და პასუხი ვაგებინოთ, ეს არის სუსის ხელმძღვანელის დაბარება სესიაზე. წარმოუდგენელია რომელიმე არგუმენტი, რომელიც დაასაბუთებდა, რატომ არ გვინდა სუსის ხელმძღვანელის მოსვლა პარლამენტში. ყველა ვხდებით ამომრჩეველს და ყველა დავდივართ კარდაკარ“, – აცხადებს ხათუნა სამნიძე.

მსგავსი თემები