“ვერავითარი სხდომა ვერ შედგება” – ირაკლი კობახიძე ოპოზიციის ინიციატივას სპეკულაციას უწოდებს

პოლიტიკური სპეკულაცია და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობა – ასე აფასებენ მმართველი გუნდის წარმომადგენლები “ლელოს” და “სტრატეგია აღმაშენებლის” ინიციატივას საგანგებო სხდომის ჩატარებასთან დაკავშირებით.

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ რეგლამენტის მიხედვით, არჩევნებამდე 1 თვით ადრე საპარლამენტო სხდომა არ ტარდება. 

“ვერავითარი სხდომა ვერ შედგება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ აბსოლუტურად ყველა დეპუტატი, როგორც მაჟორიტარი, ისე არამაჟორიტარი არის თავიდან ბოლომდე ჩართული საარჩევნო კამპანიაში.

ასევე, არის რეგლამენტის ნორმა, რომლის მიხედვითაც, როგორც წესი, არჩევნებამდე 1 თვის განმავლობაში საპარლამენტო სხდომა არ ტარდება. ეს იცის “ლელომ”, ამის მიუხედავად, რაღაცას სპეკულირებენ, რაც არ არის სწორი მოქმედება,”-აცხადებს კობახიძე.

მმართველი გუნდის წევრის, მიხეილ სარჯველაძის შეფასებით კი, ოპოზიციას საპარლამენტო ტრიბუნის პოპულიზმისთვის გამოყენება სურს. 

“პირველი, ვისი ინტერესიც არსებობს იმაში, რომ ჭეშმარიტება დადგინდეს ამ ფაქტებთან დაკავშირებით, გახლავთ სწორედ ხელისუფლება და მერწმუნეთ, ამას არავინ დააყოვნებს, ხოლო უბრალოდ პოლიტიკური შოუების მოსაწყობად და პოპულიზმისთვის ნიადაგის შესაქმნელად ნამდვილად არ არის განსაზღვრული საპარლამენტო სხდომები ან ნებისმიერი სხვა ფორმატი საპარლამენტო ზედამხედველობისა,”-აცხადებს სარჯველაძე.

შეგახსენებთ, რომ საგანგებო სესიის მოთხოვნის საკითხზე ოპოზიციამ უკვე დაიწყო ხელმოწერების შეგროვება. “ლელოს” და “შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის” ინიციატივით ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე აუცილებელია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი პლენარულ სხდომაზე გამოცხადდეს და პასუხი გასცეს ყველა კითხვას.

მსგავსი თემები