„ვაქცინაციის ტემპი შემცირდა… საგანგაშო მაჩვენებელია“ – მინისტრის მოადგილე

„ვაქცინაციის ტემპი შემცირდა. გუშინ, 24 საათის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ კვირა დღე იყო და შესაძლოა, მეტ მოქალაქეს ჰქონოდა იმის დრო, რომ ვაქცინაციისთვის კლინიკაში წასულიყო, ასე არ მოხდა. 7 ათასზე ოდნავ მეტი აცრა ჩატარდა, რაც ძალიან საგანგაშოა და მიუთითებს იმას, რომ სერიოზულად არის საჭირო ვაქცინაციის პროგრამის კიდევ უფრ მეტად სტიმულირება“ – აცხადებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია.

მისი შეფასებით, აცრის კუთხით თბილისი ლიდერია.

„ზოგიერთ რეგიონში საკმაოდ კარგია ვაქცინაციის მაჩვენებელი. თბილისი ლიდერობს, მოზრდილი მოსახლეობის 60%-ზე მეტია უკვე მოცვა, თუმცა იგივეს ვერ ვიტყვით სხვა რეგიონებზეც. განსაკუთრებით საყურადღებოა მაღალ ასაკობრივ ჯგუფებში მოცვის მაჩვენებელი. რაც შეეხება წამახალისებელ ლატარიას, სხვა ქვეყნების გამოცდილებას თუ მოვიშველიებთ, ლატარიას ჰქონდა გარკვეული მოკლევადიანი შედეგი, იყო მოქალაქეების გარკვეული ჯგუფები, ვისთვისაც საინტერესო იყო წამახალისებელ ლატარიაში მონაწილეობა. ბუნებრივია, ეს არ არის მთავარი მიზეზი, რის გამოც მოქალაქე აცრისთვის მიდის, მაგრამ ეს არის კიდევ ერთი დამატებითი სტიმული, რამაც შესაძლოა, წაახალისოს ვაქცინაციაში ჩართვის თაობაზე მოქალაქის გადაწყვეტილება. შედეგების შეფასებისთვის ერთი თვე მაინც უნდა დავაკვირდეთ იმისთვის, რომ ვნახოთ, რა შედეგები გვექნება“, – განმარტა თამარ გაბუნიამ.

მსგავსი თემები