ჭყონდიდის მიტროპოლიტმა ექვსი სასულიერო პირი განკვეთა

„არათუ შეწყვიტეს ანტიეკლესიური ქმედება, არამედ კიდევ უფრო მეტი თავხედობით და ზღვარგადასული უკეთურებით განაგრძნობენ ქმედებებს, რომლებიც სრულიად ეწინააღმდეგება მონასტული ცხოვრების წესს და საეკლესიო კანონებს“ – ეს გახლავთ ამონარიდი ბრძანებიდან, რომლის საფუძველზე, ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანე კალაიჯიშვილმა ეპარქიის 6 სასულიერო პირი განკვეთა.

“ბრძანება ნომერი 11, 11 სექტემბერი 2021 წელი. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაღმდეგ მოწყობილ ამბოხში მონაწილე პირებმა: ბერ დიაკონმა პეტრე ( ღუდუშაური) ბერ-მონაზონმა ათინოგენემ( მდივანი), მონაზონმა დანიელმა( გვილავა) მონაზონმა ამბროსიმ (ხელაია), მონაზონმა ამბროსიმ (სხულუხია) მონაზონმა დავითმა (გვილავილაიამ) მონაზონმა ბასილმა ( გვილავამ), მონაზონმა მარკოზმა ( წულაიამ) აგრეთვე, გაგა ავალიანმა და ჯაბა ცერცვაძემ, მიუხედავად მრავალი გაფრთხილებისა კანონიკური სასჯელების დაკისრებისა, არათუ შეწყვიტეს ანტიეკლესიური ქმედება, არამედ კიდევ უფრო მეტი თავხედობით და ზღვარგადასული უკეთურებით განაგრძნობენ ქმედებებს, რომლებიც სრულიად ეწინააღმდეგება მონასტული ცხოვრების წესს და საეკლესიო კანონებს“ – ვკითხულობთ ბრძანებაში.

როგორც დოკუმენტშია განმარტებული, ისინი ჭყონდიდის მიტროპოლიტს თავს არაერთხელ დაესხნენ.  

„მათ არაერთხელ მოაწყვეს თავდასხმა ჭყონდიდელ მიტროპოლიტზე და სხვა სასულიერო პირებზე. აგრეთვე მუდმივ ტერორში ამყოფებენ ადგილობრივ მოსახლეობას. ხელს უშლიან მათ ეკლესიურ ცხოვრებაში და მოითხოვენ მათგან მხარდაჭერას. ეს პირები კანონიკურად დადგენილი მღვდელმთავრის ნებართვის გარეშე დაუფლებულნი არიან საეკლესიო ქონებას და უნებართვოდ ახორციელებენ სამეურნეო და კომერციულ საქმიანობას. ყოველივე ამის გამო მათ არაერთგზის მიეთითათ, რომ ეს მათი ქმედებები ცდება ყოველგვარ კანონიკურ ჩარჩოებს და მოეთხოვათ უკანონო ქმედებების შეწყვეტა და თავიანთი საქციელის მონანიება, თუმცა პასუხად მხოლოდ უტიფარი განცხადებები ისმის. ამ უკეთურ ქმედებათა ბოლო ზღვარი იყო წინასწარ მომზადებული თავდასხმა ჭყონდიდის მიტროპოლიტზე, წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის ზოგად საგანმანათლებლო სკოლის ტერიტორიაზე. ჯერ დებოში მოაწყვეს სკოლის ეზოში და ხელით შეეხნენ ჭყონდიდელ მიტროპოლიტს და მის თანხმლსბ პირებს.შემდეგ კი შეიჭრნენ სკოლის სამასწავლებლოში და განაგრძეს სკოლის რექტორის, სკოლის პედაგოგების შეურაცხყოფა.

ზემოთ აღნიშნული ქმედებებით ისინი უხეშად არღვევენ მოციქულთა კრების მთელ რიგ კანონებს. ჭყონდიდის ეპარქიაში საეკლესიო წესრიგის აღსადგენად ვბრძანებ სრულიად განიკვეთოს სასულიერო და სამონაზნო დასიდან და დაყვანილ იქნან ერისკაცობამდე შემდეგი პირები: ნასყიდა ღუდუშაური- ყოფილი ბერდიაკონი პეტრე, მიხეილ მდივანი- ყოფილი ბერმონაზონი ათინოგენი, ტარიელ გვილავა – ყოფილი მონაზონი დანიელი, თამაზ სხულუხია -ყოფილი მონაზონი ამბროსი, ბაჩუკი ხელაია -ყოფილი მონაზონი დავითი, ავთანდილ გვილავა -ყოფილი მონაზონი ბასილი, მარკოზ წულაია -ყოფილი მონაზონი მარკოზი, აეკრძალოთ მათ სამონაზნო და სხვა საეკლესიო შესამოსლით შემოსვლა, აგრეთვე სამონაზნო ატრიბუტიკის ტარება და გამოყენება. მათთან და მათთან ერთად გაგა ავალიანსა და ჯაბა ცეცხლაძეს აეკრძალოთ ჭყონდიდის ეპარქიაში მონასტრებსა და საეკლესიო ნაგებობებში ცხოვრება და საქმიანობა. საეკლესიო მიწების გამოყენება. მოვუწოდებ ხელისუფლებას ხელი შეუწყოს ეკლესიას ჭყონდიდის ეპარქიაში სიმშვიდისა და წესრიგის აღდგენაში. კანონი ძალაში შედის ხელმოწერისთანავე”,- განმარტავს მეუფე სტეფანე.

მსგავსი თემები