სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილ თანამშრომლებს ომის ვეტერანის სტატუსი მიენიჭათ

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის “ვეტერანის სტატუსის მაძიებელთა, საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისა და საბრძოლო მოქმედებებში დაღუპვის ფაქტის დამდგენი კომისიის” წევრების მონაწილეობით, წეროვანის ლტოლვილთა დასახლებაში, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლებისათვის, ომში მონაწილეობის ფაქტის დადგენის პროცედურა გაიმართა.

როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ სახელმწიფო სამსახურიდან აცნობეს, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების ერთ-ერთი დანაყოფია, რომლის თანამშრომლებმა, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, პირველი დარტყმა მიიღეს და მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს რუსული არმიის მიერ განხორციელებულ ფართომასშტაბიან შემოტევას.

„წლების განმავლობაში, წინა ხელისუფლების მიერ, ოფიციალურად შექმნილი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციელებისათვის, გადაუჭრელ პრობლემად რჩებოდა ომის მონაწილის სტატუსის მინიჭება. მიუხედავად არსებული სირთულეებისა, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ძალისხმევით და ძალოვანი უწყებების შესაბამის სამსახურებთან თანამშრომლობით, მიღწეულ იქნა სამართლიანი შედეგი და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილ თანამშრომლებს, ომის ვეტერანის სტატუსი მიენიჭათ. მათ, ომის ვეტერანის სტატუსის მინიჭება, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ და სახელმწიფო რწუნებულმა მცხეთა-მთიანეთში“ – აცხადებენ უწყებაში.  

„დიდი მადლობა მინდა, ვუთხრა, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პირად შემადგენლობას, ასევე, იუსტიციას და სხვადასხვა ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციის გაცვლასთან ერთად, კომისიის წევრების მუშაობასთან ერთად, ვისაც ეკუთვნოდა სტატუსის დადგენა, ჩვენ მოვახდინეთ და სტატუსი დაუდგინდათ. მე მინდა, წარმატება ვუსურვო მათ და მივულოცო ის, რომ გახდნენ ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი ღირსეული სოციალური ჯგუფის – ვეტერანთა წარმომადგენლები’’, -განაცხადა კობა კობალაძემ. 

უწყებაში ასევე განმარტავენ, რომ 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ზოგიერთი უწყების უპასუხისმგებლო ხელმძღვანელის, თუ მაღალჩინოსნის სიტყვიერი განკარგულებების საფუძველზე, მონაწილეობა აქვთ მიღებული მთელი რიგი ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს, თუმცა, ამ ფაქტის დოკუმენტური დადასტურება, არავის უფიქრია.

„გამომდინარე იქიდან, რომ ,,ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონი უზღუდავს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს აღნიშნული კატეგორიების პირებისათვის სტატუსის მინიჭებას, განსხვავებით ,,საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ პირთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა, რაც დაღუპულ და ცოცხლად დარჩენილ მეომრებს შორის იწვევს უთანასწორო მიდგომას და დისკრიმინაციასაც კი. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური,  მთავრობასთან შეთანხმებით, პარლამენტის შესაბამის კომიტეტთან მუდმივად მუშაობს კანონის ჰარმონიზაციისათვის და იმ ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლებისათვის ომის მონაწილის სტატუსის მინიჭების საკითხის გადასაწყვეტად, რომლებმაც მიიღეს საომარ მოქმედებებში მონაწილეობა, მაგრამ მოქმედი კანონმდებლობა არ იძლევა სტატუსის მინიჭების შესაძლებლობას’ – აცხადებენ სახელმწიფო სამსახურში.

მსგავსი თემები